ახალი ამბები

პარლამენტთან იპოთეკური სესხის მქონე პირების აქცია მიმდინარეობს

12 ნოემბერი, 2013 • • 1186
პარლამენტთან იპოთეკური სესხის მქონე პირების აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან შეკრებილი იპოთეკური სესხით მოსარგებლე პირები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ აღსრულება უნდა შეაჩეროს, გარდა ამისა, ისინი გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხს მოითხოვენ:

 

“ხელისუფლება ყველა პრობლემას ძველ ხელისუფლებას აბრალებდა, ახლა მდგომაროება შეიცვალა, ახალი პრეზიდენტიც მოვიდა და მათგან ყურადღებას მოვითხოვთ. მოგვცენ დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხები და აღსრულება შეაჩერონ,” – ამბობს მარინა გვადიბაძე.

 

იპოთეკით მოსარგებლე პირების აქცია პარლამენტთან
იპოთეკით მოსარგებლე პირების აქცია პარლამენტთან

რაც შეეხება პარლამენტში ინიცირებულ ახალ კანონპროექტს, რომელიც კერძო მევახშეებისთვის იპოთეკური სესხის გაცემის პირობების დარეგულირებას ითვალისწინებს, გვადაბაძე ამბობს, რომ ეს კანონპროექტი კერძო ბანკებს და მიკროსაკრედიტო ორგანიზაციებსაც უნდა შეეხოთ:


“ჩვენ ეს კანონპროექტი არ ვიცით, ერთადერთი რაც გვითხრეს ისაა, რომ მარტო კერძო მევახშეებს ეხება და მიკროსაფინანსოებს და ბანკებს არა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ კანონი მათაც შეეხოთ, სხვანაირად შედეგი არ იქნება, ჩვენ მაინც ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით.”

 

პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც იპოთეკური სესხის პირობების დარეგულირებას ითვალისწინებს. 


კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებისთვის, გარდა 1000 ლარამდე (ან მისი ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში) გაცემული სესხებისა, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის (გარდა იპოთეკის სანოტარო წესით დამოწმებასა და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვებ-გვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2,5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს, რაც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე – საკრედიტო კავშირებზე და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებზე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი