ახალი ამბები

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შესაძლოა უცხოელი დონორები დაეხმარონ

12 ნოემბერი, 2013 •
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შესაძლოა უცხოელი დონორები დაეხმარონ

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკანიანმა და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ჯავახიშვილმა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდეს ინფორმაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარებასა და დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე, ასევე, საქართველოს მთავრობის განხორციელებულ ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმებზე.

“თქვენ ნახეთ, რამდენად წარმომადგენლობითი იყო შეხვედრა როგორც დონორი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, ელჩების მონაწილეობის თვალსაზრისით. ეს ნიშნავს იმას, თუ რამდენად არიან ისინი დაინტერესებული ჩერთონ იმ სახელმწიფოებრივ საქმეში, რასაც  ჰქვია გამყოფი ხაზის გასწვივ არსებული სოფლების საიჭიროებებზე რეაგირება. მათი ინტერესი იყო მაღალი. ჩვენ წარვუდგინეთ მათ მთელი სურათი, თუ რა ხდება გამყოფი ხაზის გასწვრივ ყველა რაიონში, როგორც ცხინვალის, ისე აფხაზეთის მიმართულებით. წარუდგინეთ მონაცემები დაზარალებულ სახლებზე, სკოლებზე, ამბულატორიებზე, საბავშვო ბაღებზე, ასევე, რა ზარალი მიიღო სოფლებმა და რას აკეთებს სახელმწიფო გაზმომარაგებაზე, სარწყავ სისტემასთან დაკავშირებით, და ავუხსენით მათ, თუ რადმენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ ცხინვალის მოსახლეობამაც დაინახოს, თუ რა განსხვაევბაა: როგორ ეხმარება დასავლეთი ქართულ მხარეს და რას აკეთებს ამ დროს რუსეთი”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

 

დავით ნარმანიას განმარტებით კი, საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით სახელმწიფო აღნიშნულ სოფლებში საჭირო ნაბიჯებს დგამს, თუმცა პრობლემებია გამყოფი ხაზის ირგვლივ მცხოვრები ინდივიდუალური მოქალაქების საჭირობებზე რეაგირების კუთხით. საუბარია დაახლოებით 100–მდე სახლის სახურავების გადახურვაზე და იმ მოქალაქების სახლებით უზრუნველყოფაზე, რომელთა საცხოვრებლები მავთულხლართების შედეგად ოკუპირებული ტერიტორიების მხარეს მოექცა:

“ვუთხარით ის საჭირობები, რაც ჩვენ დღეს გვიდგას და ვერ ვახერხებთ ამის გაკეთებას. სახელმწიფო ბიუჯეტისგან მიზანშეუწონილია რესურსების დახარჯვა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ინდივიდუალურ საჭირობებთან დაკავშირებით ცალკეულ ოჯახებთან მიმართებაში და სწორედ ასეთი ფორმატით შეიძლება დაგვეხმარონ დონორი ორგანიზაციები”, – განაცხადა ნარმანიამ.

შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების განმარტებით, დონორებთან აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულ შედეგზე საუბარი ნაადრევია. მსგავსი ტიპის შეხვედრა მომავალშიც გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი