ახალი ამბებირეკლამა

თურქული ბიზნეს ასოციაცია ქართულ კომპანიებს უცხოეთის ბაზრებზე გასვლაში დაეხმარება

24 აპრილი, 2018 • 2331
თურქული ბიზნეს ასოციაცია ქართულ კომპანიებს უცხოეთის ბაზრებზე გასვლაში დაეხმარება

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) დელეგაციას შეხვდა, აღნიშნულმა ასოციაციამ თბილისში ოფისი დააფუძნა, რომელიც ოფიციალურად 22 აპრილს გაიხსნა.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოთურქეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობა საუკეთესო და თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის და თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივი ვაჭრობის სტატისტიკაზე, რომელიც ყოველწლიურად ზრდის დინამიკით გამოირჩევა. მისი თქმით, აღნიშნულზე ასევე პოზიტიურად აისახება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანა და აგრეთვე საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის მეთოდის ამოქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი საწარმოების შექმნას, რაც თავის მხრივ, გარკვეულწილად, ქართული ექსპორტის დივერსიფიკაციასაც უზრუნველყოფს.                                                                                                                      

თურქული ორგანიზაციის პრეზიდენტმა, აბდურრაჰმან კაანმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს ინფორმაცია მიაწოდა “MUSAID”-ის საქმიანობის შესახებ, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით. მისი თქმით, თურქული ასოციაცია შეძლებს, დაეხმაროს ქართველ მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციისთვის საერთაშორისო ბაზრების მოძიებაში. გარდა ამისა, ასოციაციის პრეზიდენტმა ქართული მხარე მიმდინარე წლის ნოემბერში სტამბულში დაგეგმილ გამოფენაზე მიიწვია, რომელიც თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი