ახალი ამბები

ქუთაისის მწერალთა სახლში კინოთეატრი მოეწყობა [Video]

11 ნოემბერი, 2013 • • 1106
ქუთაისის მწერალთა სახლში კინოთეატრი მოეწყობა [Video]

ღონისძიებას კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია, მისი მოადგილე მარინე მიზანდარი, მწერალთა კავშირის წევრები სხვადასხვა რეგიონებიდან, მეცნიერები და ქუთაისის საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები დაესწრენ.

 

“90 წელი შეუსრულდა ქუთაისის სამწერლო ორგანიზაციას. აუცილებელი იყო საზოგადოება შეკრებილიყო და წარსულისათვის დიდი მადლობა გვეთქვა და ვინც გვეხმარება ამ საქმეებში და ხვალინდელ პერსპექტივებში, მათაც მოვფერებოდით. დღევანდელმა დღემ კარგად ჩაიარა,” – განაცხადა თემურ ლანჩავამ, რომელიც უკვე 25 წელია  ქუთაისის მწერალთა სახლის პრეზიდენტია.

 

დღევანდელ შეხვედრაზე კულტურის სამინისტრომ მწერალთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის წევრები სიგელებით დააჯილდოვა. გარდა ამისა, როგორც შეხვედრაზე ოდიშარიამ განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში კინოთეატრი არ არსებობს, სამინისტრო საკუთარი სახსრებით შესაბამის აპარატურას გადასცემს ქუთაისის მწერალთა სახლს:

 

“დღეს კარგი გამოფენა ვნახეთ, სადაც ჩვენთან ახალგაზრდების ჯგუფი მოვიდა და გვითხრეს, რომ ქუთაისში არ არის კინოთეატრი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მწერალთა კავშირის შენობაში დავამონტაჟოთ კინოთეატრი. მწერალთა კავშირს თანამედროვე ციფრულ აპარატურას გადავცემთ, გარდა ამისა, ჩამოვლენ ჩვენი სპეციალისტები და აქ იქნება კულტურული ცენტრი, სადაც იქნება შეხვედრების ადგილი.”

 

ოდიშარია მიიჩნევს, რომ მწერალთა კავშირი  საბჭოთა კავშირთან ასოცირდება:

 

“მწერალთა კავშირი მართლაც ასეთ ასოციაციას ქმნის, ამიტომაც თბილისში მწერლის სახლი შევარქვით, ეს ცოტა სხვანაირად ჟღერს. ეს კაშირები, რახან ჩვენ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიდან ვართ გამოსული, ყურს ჭრის. თუმცა თუნდაც ასოციაცია რომ შეარქვა, ან გაერთიანება, იგივეა. ეს შინაარსს არ ცვლის. მე, მაგალითად, 8 წლის წინ საერთოდ გავედი მწერალთა კავშირიდან და ვარ პენცენტრის წევრი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი