ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძე არ აკონკრეტებს, აღადგენს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს ირანთან

11 ნოემბერი, 2013 • • 1242
მაია ფანჯიკიძე არ აკონკრეტებს, აღადგენს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს ირანთან

დღეს, 11 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ”ნეტგაზეთის” მიერ დასმულ შეკითხვას, ”არის თუ არა დაგეგმილი ირანთან უვიზო რეჟიმის ისევ აღდგენა”, მან ასეთი პასუხი გასცა:

 

”ამაზე მსჯელობა, თუ რომელ ქვეყნებთან როგორი უნდა იყოს სავიზო რეჟიმი, მიმდინარეობს კომისიის ფარგლებში და ამ კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდება ჩვენი პოლიტიკა ვიზების კუთხით”.

 

დღესვე ფანჯიკიძემ ”ნეტგაზეთს” უთხრა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ მიუღია პასუხი თეირანიდან, თუ ვინ დაესწრება ირანის ხელისუფლებიდან გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალს:

 

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

”ირანიდან ჯერ პასუხი არ გვაქვს. მე მაქვს სია [ქვეყნების], საიდანაც გვაქვს პასუხები, მაგრამ ველი, რომ ირანიდანაც იქნება წარმომადგენლობითი დელეგაცია. ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გახდლათ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში ბატონი კონსტანტინე სურგულაძე, შესაბამისად, ველი, რომ მინიმუმ მინისტრის დონეზე ირანიც იქნება წარმოდგენილი. ირანთან ჩვენ გვაკავშირებს ურთიერთობა ისტორიულად. ეს ურთიერთობა გარკვეული მიმართულებით ვითარდება. ამ ურთიერთობისთვის ხელი არ შეუშლია სავიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას ჩვენი მხრიდან. უპრობლემოდ მიმდინარეობს ვიზების აღება საქართველოს საელჩოში, თეირანში თუ საზღვარზე, და, შესაბამისად, მე ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო საქართველოში [ჩამოსვლის] მსურველთა რაოდენობამ იკლო ან მოიმატა.  ძირითადად ეს არ ასახულა ამ ახალი წესის შემოღებაზე. იყო პერიოდი, როცა ირანს ჰქონდა გაუქმებული [უვიზო რეჟიმი] ჩვენთან, ანუ საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებოდათ ვიზა, არც მაშინ მოუხდენია ამას გავლენა ხალხის მიმოსვლაზე”, – განაცხადა მინისტრმა.

 

მისივე თქმით, მიგრაციის საკითხების მოწესრიგების მიზნით შექმნილ ზემოხსენებულ კომისიას ჯერ მუშაობა არ დაუსრულებია: 

 

”კონსულტაციები გრძელდება. ეს არის ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ნაწილი. საქართველოში არ არსებობდა მიგრაციის პოლიტიკა. ამ პოლიტიკის შემუშავებაზე იმუშავა მრავალმა უწყებამ, წამყვანი იყო იუსტიციის სამინისტრო და სწორედ ამ პოლიტიკის შემუშავების ფარგლებში გადაიხედება ის პოლიტიკა, რომელიც იყო აქამდე და გულისხმობდა მსოფლიოს 122 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლას, ხოლო კონკრეტულად რომელ ქვეყნებთან როგორი სავიზო რეჟიმი გვექნება, ეს არის დამოკიდებული იმ მსჯელობაზე, რომელიც იმართება კომისიის შიგნით და აგრეთვე იმ რეაქციაზე, რომელსაც ჩვენ მივიღებთ ამ ქვეყნებისგან, როდესაც  შევთავაზებთ უვიზო მიმოსვლას. ერთი მხრივ, გეუბნებით, რომ 122 ქვეყანასთან  გვაქვს უვიზო მიმოსვლა, უფრო სწორად, ცალმხრივად გაუქმებული სავიზო რეჟიმი, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ 122 ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ვერ მიემგზავრებიან, ანუ არათანაბარ სიტუაციაში ვართ ჩაყენებულები. ეს გარკვეულწილად შეიცვლება, ხოლო კონკრეტული ქვეყნების ჩამონათვალი საგარეო სამეთა სამინისტროს ვებგვერდზე დროულად გამოქვეყნებდება, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

 

ცნობილია, რომ ახლო მომავალში საქართველო უვიზო რეჟიმის შემოღებას ისრაელთან აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი