ახალი ამბები

რეზიდენციაზე დროშა პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის კლიპის გამო შეცვალეს

10 ნოემბერი, 2013 • • 2972
რეზიდენციაზე დროშა პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის კლიპის გამო შეცვალეს

“ხდება რა? პრეზიდენტი ამთავრებს თავის ვადას და მთელი დღე, სასახლეში, გუმბათში მიმდინარეობდა სპეციალური მუსიკალური კლიპის ჩაწერა, რომელსაც ასრულებდა ძალიან კარგი, მე ვიტყოდი, ფანტასტიკური მუსიკოსი, ხატია ბუნიათიშვილი, გადაღების მიზნებისთვის [შეიცვალა დროშა]. ეს გულებიანი დროშაც  არის მიხეილ სააკაშვილის, რომელიც მან პარტიას შეთავაზა და არ არის გადაწყვეტილი, გახდება თუ არა  პარტიული დროშა. ეს არის დროშა, რომლითაც პრეზიდენტს აქვს სურვილი გამოხატოს ის დამოკიდებულება, რაც აქვს ჩვენი ქვეყნის დღევანდელობის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის მიმართ, და არა მარტო ეს დროშა, ასევე ის კლიპი, რომელიც დღეს კეთდებოდა, ემსახურება ზუსტად იგივე მიზანს”.– განაცხადა ანდრო ბარნოვმა “რუსთავი 2″– თან საუბრისას. 

 

შეგახსენებთ, რომ  9 ნოემბერს სახელმწიფო დროშის ნაცვლად პრეზიდენტის რეზიდენციაზე გულებიანი დროშა აღმართეს. აღნიშნული დროშა საქართველოს დროშის მსგავსია, განსხვავება ისაა, რომ ჯვრების ნაცვლად დროშაზე გულებია გამოსახული. დროშების შეცვლას გამოეხმაურა საქართველოს მთავრობა. გავრცელებულ განცხადებაში მთავრობა მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აღმართოს საქართველოს სახელმწიფო დროშა პრეზიდენტის რეზიდენციის შენობის თავზე და აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე სხვა დროშის აღმართვა კანონის უხეში დარღვევაა.


მთავრობის განცხადებას მიხეილ სააკაშვილმაც უპასუხა. მის მიერ გავრცელებული განცხადების ტექსტში ნათქვამია, რომ არავინ ისე არ ამაყობს საქართველოს სახელმწიფო დროშით, როგორც თავად სააკაშვილი:


“ვინაიდან როცა შემომქონდა, მაშინაც მამოძრავებდა და ახლაც მამოძრავებს რწმენა, რომ ეს დროშა ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს და ამასთანავე საუკეთესოა მსოფლიოს სახელმწიფოთა დროშებს შორის!” 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა განაცხადა, რომ რეზიდენციის გუმბათზე სახელმწიფო დროშა დღეს, 10 ნოემბერს დღის პირველი საათისთვის დაბრუნდება. 




მასალების გადაბეჭდვის წესი