ახალი ამბები

“Amnesty International”–ის პეტიცია “Pussy Riot”-ის წევრის ადგილსამყოფელის დასადგენად

10 ნოემბერი, 2013 • • 1001
“Amnesty International”–ის პეტიცია “Pussy Riot”-ის წევრის ადგილსამყოფელის დასადგენად

“ნადეჟდა ტოლოკონივა დაკარგულია, ბოლოს იგი ნახეს, როცა ციხის წარმომადგენლებს სხვაგან გადაჰყავდათ. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ მისი კეთილდღეობის გამო. ნადია სინდისის პატიმარია, რომელსაც ორი წელი აქვს მისჯილი. მოვუწოდებთ რუსეთს, გაამჟღავნოს მისი ადგილსამყოფელი და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება”– ნათქვამია პეტიციის ტექსტში. 


პეტიციას ამ დროისთვის 4509 ადამიანი აწერს ხელს.


ბოლო ინფორმაციით, რომელიც ტოლოკონიკოვას ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა გაავრცელეს, იგი ციმბირის ციხეში გადაიყვანეს, რომელიც მოსკოვიდან 3000 კილომეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული. 

 

შეგახსენებთ, რომ ნადეჟდა ტოლოკონიკოვა სხვა ციხეში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც შიმშილობა დაიწყო ციხეში არსებული პირობების გამო. იგი მორდოვიას ქალთა კოლონიაში იმყოფებოდა. ტოლოკონიკოვამ ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღწერდა, რომ პატიმრებს მონური შრომით ამუშავებდნენ დღეში 17 საათი, სადისტურად სჯიდნენ და მისივე თქმით, მსგავსი მდგომარეობა იმ ლიტერარტურაშია აღწერილი, რომელშიც საბჭოთა გულაგის შესახებ წერია.

 

23 წლის ტოლოკონიკოვა აცხადებდა, რომ წერილის შემდეგ ციხის თანამშრომლებმა ის ინფორმაციულ ვაკუუმში მოაქციეს. 21 ოქტომბერს კი ციხის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ტოლოკონიკოვა მორდოვიის ციხიდან გადაჰყავდათ, თუმცა მეტი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. ამის შემდეგ მასთან კონტაქტი არც ქმარს  და არც ადვოკატებს ჰქონიათ. 

 

კანონის მიხედვით, ადვოკატებს და ნათესავებს არ აქვთ ინფორმაციაზე წვდომა პატიმრის გადაყვანის მომენტში, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღე ან კვირა გაგრძელდეს. ინფორმაციას მათ მხოლოდ მას შემდეგ აწვდიან, რაც პატიმარი საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მიაღწევს. 

 

ტოლოკონიკოვას და პანკ-ჯგუფის კიდევ ერთ წევრს, მარია ალიოხინას 2- წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი ხულიგნობისთვის. ბრალის მიხედვით, ხულიგნობა რელიგიური სიძულვილის ნიადაგზეა ჩადენილი. გასული წლის თებერვალში ჯგუფმა ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო პერფორმანსი მოაწყვეს და სიმღერა შეასრულეს რუსეთის მთავარ ტაძარში. ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, რომელიც ასევე წარსდგა სასამართლოს წინაშე, ციხე აპელაციის საფუძველზე დატოვა.

 

ნაძეჟდა ტოლოკონიკოვა
ნაძეჟდა ტოლოკონიკოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი