“ცოტა ზედმეტი ხომ არ მოსდით მთავრობაში დაბრუნებულ შევარდნაძის მთავრობის თანამდებობის პირებს, როცა ჩემგან იცავენ იმ დროშას, რომლის გამოყენებაზე არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემს წინააღმდეგ მაშინ, როცა თბილისის საკრებულოს თავჯდომარე ვიყავი. მთელი ეს წლები მკერდით ვატარებ ხუთჯვრიან დროშას, რომელიც დღევანდელი მთავრობის არც ხელმძღვანელის, არც სხვა რომელიმე მინისტრის პიჯაკზე არასდროს დამინახავს. არავინ ისე არ ამაყობს ამ დროშით, როგორც მე, ვინაიდან როცა შემომქონდა, მაშინაც მამოძრავებდა და ახლაც მამოძრავებს რწმენა, რომ ეს დროშა ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს და ამასთანავე საუკეთესოა მსოფლიოს სახელმწიფოთა დროშებს შორის!”- წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს სახელმწიფო დროშის ნაცვლად პრეზიდენტის რეზიდენციაზე გულებიანი დროშა აღმართეს. აღნიშნული დროშა საქართველოს დროშის მსგავსია, განსხვავება ისაა, რომ ჯვრების ნაცვლად დროშაზე გულებია გამოსახული. ახალი დროშის პრეზენტაცია “ნაციონალური მოძრაობის” ბოლო ყრილობაზე გაიმართა და მიხეილ სააკაშვილმა პარტიას შეთავაზა, “ნაციონალური მოძრაობის” დროშა სწორედ გულებით დახატული დროშა ყოფილიყო.
სახელმწიფო დროშის გულებიანი დროშით შეცვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა განაცხადა, რომ ცვლილება მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდება და დროშა მუსიკალური კლიპის გამო აღმართეს. ცვლილებას გამოეეხმაურა საქართველოს მთავრობაც. გავრცელებულ განცხადებაში მთავრობა მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აღმართოს საქართველოს სახელმწიფო დროშა პრეზიდენტის რეზიდენციის შენობის თავზე და აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე სხვა დროშის აღმართვა კანონის უხეში დარღვევაა.