ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სერჟ სარგსიანმა ოპოზიციის ლიდერთან შეხვედრა დატოვა – აქციები გაგრძელდება

22 აპრილი, 2018 •
სერჟ სარგსიანმა ოპოზიციის ლიდერთან შეხვედრა დატოვა – აქციები გაგრძელდება

დღეს, 22 აპრილს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი და სომხეთში საპროსტესტო აქციების ლიდერი, ოპოზიციონერი ნიკოლ პაშინიანი ჟურნალისტების თანდასწრებით ერთმანეთს ერევანში, სასტუმრო მარიოტში შეხვდნენ.

ოპოზიციის ლიდერისა და დემონსტრანტების ერთ-ერთი მოთხოვნა სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან წასვლა იყო.

“მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკებებზე ჩემს მრავალრიცხოვან მოწოდებებს დათანხმდით, თუმცა ვერ წარმომიდგენია კარგად, რაზე უნდა ვილაპარაკოთ ათეულობით ჟურნალისტის თანდასწრებით”, – განუცხადა სარგსიანმა ოპოზიიციის ლიდერს, რაზეც პასუხად მიიღო:

“მე აქ მოვედი, განვიხილო თქვენი გადადგომისა და ხელისუფლების გადმოცემის პირობები”.

სერჟ სარგსიანმა ოპოზიციის ლიდერს განუცხადა, რომ მისთვის მიუღებელია პაშინიანის კატეგორიული ტონი და შეხვედრა რამდენიმე წუთშივე დატოვა. ოპოზიციის ლიდერის განცხადებით კი, აქციები სომხეთში გაგრძელდება. სასტუმროდან გამოსულ პაშინიანს დემონსტრანტები ტაშითა და შეძახილებით შეხვდნენ.

სომხეთში მეათე დღეა საპროსტესტო აქციები დემონსტრანტების დაკავების ფონზე გრძელდება.

სომხეთში სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ ოპოზიციის აქციებზე ერევანში და სომხეთის სხვა ქალაქებში პოლიციისა და სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ათეულობით მოქალაქეა დაკავებული.

სერჟ სარგსიანი სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს, სომხეთში ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე აირჩიეს.

სარგსიანი, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2022 წლამდე მთავრობის მეთაური იქნება. საზოგადოება, მათ შორის პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის შეცვლა რეალურად იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის მთავარ ხელმძღვანელად კვლავ სერჟ სარგსიანი დარჩეს.

16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ. 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.

სომხეთის ოპოზიციური პარტიის, “სამოქალაქო შეთანხმების” და საპარლამენტო ფრაქციის, “გამოსვლის” ლიდერი ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია სომხეთში არაძალადობრივ “ხავერდოვან რევოლუციას” იწყებს.

აქციების პარალელურად, სომხეთის პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ-მინისტრი, ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ამბობს, რომ სწორედ ხშირი საპროტესტო აქციებია იმის მიზეზი, რომ სომხეთის ეკონომიკა არ ვითარდება – “ინვესტორებისა და ტურისტების დიდ ნაკადს სომხეთში ყოველწლიური დემონსტრაციები ხელს უშლის”. ამის შესახებ სარგსიანმა სომხეთის ტელეკომპანია “შანტს” განუცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი