სარგსიანი: სომხეთის ეკონომიკა ხშირი აქციების გამო არ ვითარდება

სომხეთის პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ-მინისტრი, ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ამბობს, რომ სწორედ ხშირი საპროტესტო აქციებია იმის მიზეზი, რომ სომხეთის ეკონომიკა არ ვითარდება – “ინვესტორებისა და ტურისტების დიდ ნაკადს სომხეთში ყოველწლიური დემონსტრაციები ხელს უშლის”. ამის შესახებ სარგსიანმა სომხეთის ტელეკომპანია “შანტს” განუცხადა.

“გვქონია მშვიდი წლები? ამ 10 წლის განმავლობაში, ერთადერთი წელი იყო 2017, როდესაც ტურისტებს მშვიდად შეეძლოთ ქვეყანაში ჩამოსვლა, ინვესტორებიც იყვნენ, ინვესტიციებიც იყო. იმ წელს ჩვენი ეკომიკური ზრდა 7.5% იყო”.

სერჟ სარგსიანი სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს, სომხეთში ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე აირჩიეს. სარგსიანი, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2022 წლამდე მთავრობის მეთაური იქნება. საზოგადოება, მათ შორის პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის შეცვლა რეალურად იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის მთავარ ხელმძღვანელად კვლავ სერჟ სარგსიანი დარჩეს. 16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ. 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო. სომხეთის ოპოზიციური პარტიის, “სამოქალაქო შეთანხმების” და საპარლამენტო ფრაქციის, “გამოსვლის” ლიდერი ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია სომხეთში არაძალადობრივ “ხავერდოვან რევოლუციას” იწყებს.

ერევნის გარდა, საპროტესტო აქციები სომხეთის სხვადასხვა დიდ ქალაქში იმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი