“საია” და “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ვასილ ლომსაძის საქმეზე პროკურატურას მიმართავენ. ამის შესახებ ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა დღეს, 8 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
“დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის მიერ დადგინდა, რომ ვასილ ლომსაძეს აქვს მიყენებული მძიმე დაზიანება, კერძოდ, თავის ქალის ფუძის მოტეხილობები და სხვა არაერთი მოტეხილობა. ვიზუალურად ის არის საშინელ დღეში, აქვს ტვინის შერყევა. ვინ არის ამ დროს დაზარალებული, პოლიციის თანამშრომელი თუ თავად პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ვასილ ლომსაძე?!”- ამბობს პრესკონფერენციაზე ლომსაძის ადვოკატი, ანდრო სარიბეგოვი.
როგორც საიასა და კონსტიტუციის 42-ე მუხლის თავმჯდომარეები ამბობენ, ვასილ ლომსაძემ თავად მიმართა მათ, რის შემდეგაც ისინი საქმის დეტალებით დაინტერესდნენ.
ვასილ ლომსაძე 2013 წლის 27 ოქტომბერს რუსთავში დააკავეს. მას ბრალად სსსკ-ის 353 პრიმა მუხლით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენა ედება (პოლიციელზე თავდასხმა).
ბრალდებულად ცნობის დადგენილების თანახმად, ის თავს დაესხა შს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მოადგილეს, ზაალ ადამიას, რა დროსაც ლომსაძემ ადამიას სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა.
29 ოქტომბერს რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით და ლომსაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, რაც სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ლომსაძეს გირაო შეეფარდა, რაც პროკურატურის მიერ გასაჩივრდა. სააპელაციო სასამართლომ კი ძალაში დატოვა სასამართლოს განჩინება.
“საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა რიგი ხარვეზები, რაც გამოძიების ტენდენციურობაზე, არაკვალიფიციურობასა და არაობიექტურობაზე მიუთითებს,”- აცხადებს კახა კოჟორიძე. მისი თქმით, დამაჯერებლობას არის მოკლებული განცხადება, რომელსაც შსს ავრცელებს და ის ფაქტებიც, რასაც თავად ზაალ ადამია და პოლიციის თანამშრომლები, როგორც მოწმეები მიუთითებენ.
მაგალითიად, შსს-ს კომენტარში, ვასილ ლომსაძე მრავალჯერ ნასამართლევად არის მოხსენებული, რასაც არ ადასტურებენ არასამთავრობოები.
“ეს არის სამარცხვინო. რა შუაშია, რამდენჯერ არის ის ნასამართლევი? ათასჯერ რომ იყოს ნასამართლევი, ეს მტკიცებულებად არ გამოდგება. ამასთან, ვასილ ლომსაძე მხოლოდ ერთხელ, 2013 წლის 18 ივლისის განჩინებით არის ნასამართლევი,”- ამბობს კოჟორიძე.
შსს-ს ინფორმაციით, “მრავალჯერ ნასამართლევი ვასილ ლომსაძე რუსთავის პოლიციის მაღალჩინოსნისთვის ტაბელური იარაღის წართმევას, შემდეგ კი გაქცევას ცდილობდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
როგორც დღეს წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, დაცვის მხარის მოწმეები ადასტურებენ, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან რეალურად ჰქონდა ადგილი ვასილ ლომსაძის ცემის ფაქტს.
დაცვის მხარის ინიციატივით, დამოუკიდებელ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორში“ ვასილ ლომსაძეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. გაცემული დასკვნის თანახმად, სახეზეა:
ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. თავის ტვინის დაჟეჟილობის და სახის ძვლების მოტეხილობის გამოსარიცხად ესაჭიროება თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კომპიუტერული ტომოგრაფია და ნევროლოგიის აქტიური მეთვალყურეობის ქვეშ მედიკამენტოზური მკურნალობა. პირადი გასინჯვით ვ.ლომსაძეს აღენიშნება დაზიანებები სისხლნაჟღენთების, სახის მარცხენა ნახევრის რბილი ქსოვილების შესიების, სუბკონიუქტივალური სისხლჩაქცევის, ნიკაპის დაჟეჟილი ჭრილობის და ნაჭდევების სახით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქ. ვასილ ლომსაძეს ამჟამად არსებული მონაცემებით დაზიანება მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) არაერთჯერადი მოქმედებით.
გარდა ამისა, არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ დამაჯერებლობას მოკლებულია და კითხვის ნიშნებს აჩენს ბრალდების 2 მოწმე პოლიციელის – ივანე ჩოქურისა და მიხეილ ბახუტაშვილის ჩვენება.
“აღსანიშნავია, რომ ეს გარემოება მითითებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებაშიც, რომლის თანახმადაც: “აღნიშნული მოწმეების ჩვენებები ფაქტობრივ გარემოებებში იმდენად თანხვედრი და მსგავსია, რომ ორთოგრაფიული შეცდომებიც კი ერთნაირი აქვთ”.
“საიას” და “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” განმარტებით, დამაჯერებლობას არის მოკლებული დაზარალებულად ცნობილი პოლიციის თანამშრომლის, ზაალ ადამიას ჩვენებაც.
“მის ჩვენებაში აღნიშნულია, რომ ვასილ ლომსაძემ ცინიკურად მიმართა, რის გამოც “სიტუაციის განმუხტვის მიზნით” გამოეცალა და წამოვიდა. იმავე ჩვენებაში აღნიშნულია: “როდესაც მანქანასთან მივდიოდი, ვასილ ლომსაძე დამეწია ეზოში და დამიძახა კვლავ, როდესაც მივხედე, დაიწყო ჩემი და პოლიციელების მისამართით გინება. თქვა, რომ ვიყავით მოსაკლავები და მისთვის ნება რომ მიეცათ, დახოცავდა სიამოვნებით. ამაზე მე ვუთხრი, რომ ნუ ყვიროდა ეზოში და თუ უნდოდა, ჩამჯდარიყო ჩემთან ერთად მანქანაში და სახლში მივიყვანდი. ჩაჯდომისთანავე- ისე, რომ საერთოდ არ მოველოდი- მუშტები მიყოლებით რამდენჯერმე ჩამარტყა სახის არეში, ეს მოხდა წამიერად ისე, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი…” გამორიცხული არაფერია, თუმცა, რბილად რომ ვთქვათ, ძნელი დასაჯერებელია, პირს, რომელიც ასეთ აგრესიას გამოხატავდა პირადად ზ. ადამიას და ზოგადად პოლიციელთა მიმართ (უყვიროდა, აგინებდა, პოლიციელთა მოკვლის სურვილს გამოთქვამდა), სამმართველოს უფროსის მოადგილემ საკუთარი ავტომობილით სახლში მიყვანა შესთავაზოს.”
როგორც ირკვევა, დაკავებულ ვასილ ლომსაძეს არ განემარტა მისი უფლებები, რითაც, არასამთვრობოებისა და ადვოკატის თქმით, უხეშად დარღვეულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
“რუსთავის საქალაქო სასამართლომ ვასილ ლომსაძისათვის პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობა სწორედ ამ გარემოების გამო არ დააკმაყოფილა. სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია: “არცერთი პირის დაკითხვის ოქმით არ დასტურდება, რომ დაკავებულ ვასილ ლომსაძეს განემარტა მისი უფლება-მოვალეობანი. … იმ მომენტიდან, როდესაც ვასილ ლომსაძეს პოლიციის მუშაკების მიერ შეეზღუდა თავისუფალი მიმოსვლის უფლება, იგი ითვლებოდა დაკავებულად და ბრალდებულად, შესაბამისად, არსებობდა ვალდებულება, დაკავებულისთვის გასაგები ფორმით შეეტყობინებინათ დაკავების საფუძვლები, განემარტათ, რა დანაშაულის ჩადენაში იყო ბრალდებული და ეცნობებინათ, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავების უფლება. …სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებითად არის დარღვეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების მოთხოვნები”.
“ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვასილ ლომსაძის და დაცვის მხარის მიერ გამოკითხული რამოდენიმე მოქალაქის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაუშვებელია რეაგირების გარეშე დარჩეს. ეს ინფორმაცია ცალსახად შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი დანაშაულის ნიშნებს. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის პირდაპირი მოთხოვნა და თავად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი,” – აცხადებენ არასამთავრობოები.