ახალი ამბები

ინსპექტორი: ბავშვზე ძალადობის ვიდეოს ტირაჟირება დაუშვებელია

20 აპრილი, 2018 • 1745
ინსპექტორი: ბავშვზე ძალადობის ვიდეოს ტირაჟირება დაუშვებელია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი აცხდებს, რომ დაუშვებელია არასრულწლოვანზე ძალადობის ვიდეოს ტირაჟიება და თუ ვინმე ასეთ ვიდეოს ნახავს, ინსპექტორის აპარატს აცნობონ:

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სოციალურ ქსელებში არასრულწლოვანზე ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება. ვიდეომასალაში, რომელიც შეიცავს ძალადობისა და ბულინგის ფაქტებს, სრულად შესაძლებელია ბავშვის იდენტიფიცირება, რაც ხელყოფს მის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს მის ინტერესებს.

მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და ვიდეომასალა მოხსნილია გავრცელების რამდენიმე წყაროდან, სამწუხაროდ, სოციალურ ქსელების მომხმარებელთა ნაწილი ხელახლა ახდენს მის ტირაჟირებას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დაუშვებლად მიიჩნევს ამგვარი ვიდეომასალის ტირაჟირებას და ყველას მოუწოდებს, ამ და მსგავსი ვიდეოს გავრცელების შემთხვევაში, მისი შემდგომი გაზიარების ნაცვლად დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს, მათ შორის, ინსპექტორის აპარატს,”- ვკითხილობთ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი მუხლით დაიწყო გამოძიება “ფეისბუკითა” და “იუთუბით” გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ბავშვის მიმართ ბულინგი, სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა ჩანს.

უწყება აცხადებს, რომ ვიდეო არასრულწლოვანმა ატვირთა და იგი უკვე იდენტიფიცირებულია, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დასადგენად კი აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი