სამინისტროს ინფორმაციით, 900-მდე მსჯავრდებულისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია 2013 წლის 27 ივნისიდან დაიწყო. დაწესებულების ტეროტორიაზე თავიდან გარემონტდა საცხოვრებელი კორპუსები, შეიცვალა იატაკი, რის შემდეგაც მსჯავრდებულებს ბეტონზე ცხოვრება არ მოუწევთ. საცხოვრებელ კორპუსში შეიცვლება საწოლები.
აქვე იქნება ერთგვარი მოსასვენებელი ჰოლები, სადაც მსჯავრდებულებს ტელევიზორის ყურების და დასაშვები ფორმით რეკრეაციული ღონისძიებების განხორციელება შეეძლებათ. საცხოვრებელ კორპუსებში განთავსებულია სამრეცხაოები, სართულებზე გაორმაგდა საშხაპეების რაოდენობა და ყველა პირობა შეიქმნა მსჯავრდებულთა ჰიგიენური საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
დაწესებულების ტერიტორიაზე შენდება ე.წ. კარანტინის შენობა, რომელიც აქამდე მიწის ქვეშ იყო განთავსებული, ასევე სასწავლებელი, სადაც მსჯავრდებულებს 6–ზე მეტი პროფესიის მიღება შეეძლებათ. სამოქალაქო საგანმანათლებლო დაწესებულება განთავსდება ცალკე შენობაში, სადაც ფსიქოსარეაბილიტაციო პროგრამებშიც ჩაერთვებიან და საჭიროების შემთხვევაში ზოგად განათლებასაც მიიღებენ.
განსხავავებული პირობები შეიქმნება მოკლევადიანი და გრძელვადიანი პაემნებისთვის. მოკლევადიანი პაემნების დარბაზებში აღარ იქნება შუშის გამყოფები მსჯავრდებულსა და მასთან მისულ მნახველს შორის. გრძელვადიანი პაემნების რაოდენობა წელიწადში 9–მდე გაიზდება, სატელეფონო ზარების რაოდენობა კი ულიმიტო იქნება. გრძელვადიანი პაემნებისათვის უკვე აშენებულია ორსართულიანი შენობა, სადაც სამვარსკვლავიანი სასტუმროსათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობილი ოროთახიანი ბინები იქნება.
ასევე, სამინისტროს ინფორმაციით, #16 დაწესებულებაში ცალკე მოეწყობა საწარმოსთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა. შენობაში განთავსდება ფეხსაცმელების საწარმო, რომელსაც ამერიკული კომპანია გახსნის. საწარმოში 80 კარგი ყოფაქცევის მსაჯავრდებული დასაქმდება და მათი შრომითი ანაზღაურება 300–ლარამდე იქნება. ინვესტორი შრომით ხელშეკრულებას მსჯავრდებულებთან თავად გააფორმებს, შრომით უსაფრთხოებას დამსაქმებელი უზრუნველყოფს, დაწესებულების უსაფრთხოებას კი – ადმინისტრაცია.
“ეს არის დაბალი რისკის დაწესებულება, სადაც იქნებიან ის მსჯავრდებულები, რომელთაც ჩაიდინეს შემთხვევითი დანაშაულებები, არ არიან კრიმინალური მენტალიტეტის მქონენი და არ ექცევიან კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის ქვეშ, რომელთაც აქვთ სურვილი მიიღონ განათლება და იმუშაონ, რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს სხვა პატიმრებისთვის, გარშემომყოფი საზოგადოებისთვის. დავიწყოთ იქედან, რომ ამ დაწესებულებაში იყო მოთავსებული 2 750 მსჯავრდებული, ახლა იქნება მხოლოდ 900–მდე. აქამდე იყო მხოლოდ ორი გრძელვადიანი პაემანი, ამ ტიპის დაწესებულებაში მყოფებს წელიწადში ექნებათ 9 გრძელვადიანი პაემანი, პაემნის დროს საშუალება ექნებათ კომფორტულ ოროთახიან ბინაში შეხვდნენ ოჯახის წევრებს, სადაც ბავშვის მოთავსების პირობებიც იქნება,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.