დღეს, 7 ნოემბერს საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე შს მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ სასულიერო პირებს გააცნო კანონპროექტის სახეცვლილი ვარინატი, რომელშიც მთლიანად ამოღებულია შემდეგი ქვეპუნქტი:
“რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და სხვაგვარი დამამცირებელი ქმედება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას”.
ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, ” XXI საუკუნის კავშირის” ხელმძღვანელი პაატა გაჩეჩილაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ეს სწორედ ის პუნქტია, რომელმაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. იურისტების ნაწილის განმარტებით, ამ პუნქტის გამო მოქალაქეები, შესაძლოა, სოციალურ ქსელებში ამა თუ იმ სასულიერო პირის საჯარო კრიტიკის გამოც კი დაჯარიმებულიყვნენ.
“ეგ პუნქტი მთლიანად ამოვიდა და [კანონპროექტის] დანარჩენმა სამმა პუნქტმა რედაქტირება განიცადა. კანონპროექტი დაიხვეწა. წარმოდგენილი რელიგიური გაერთიანებების მხრიდან ეს დადებითად იყო აღქმული. კანონპროექტში დარჩა რელიგიური მსახურებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ოღონდ ძალადობის მუხლის გარეშე. ასევე დარჩა რელიგიური შუღლის გაღვივება და რელიგიური საკულტო ნაგებობების და რელიგიური თაყვანისცემის ობიექტების წაბილწვა და შელახვა”, – აცხადებს გაჩეჩილაძე.
კანონპროექტი დღეისათვის ამ სახით არის წარმოდგენილი:
„1. ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლა რაც გამოიხატება: ა) ღვთისმსახურების ან/და სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლაში; ბ) რელიგიური შუღლის და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან/და ამგვარი ქვედებისკენ საჯაროდ მოწოდებაში ; გ) რელიგიური დანიშნულების ნაგებობების ან/და სხვა სიწმინდეების წაბილწვაში, მათზე ნებისმიერი შეურაცმყოფელი წარწერის გაკეთებაში ან/და მათი რელიგიური მოტივით დაზიანებაში. გამოიწვევს დაჯარიმებას 300 იდან 500 ლარამდე 2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 იდან 1500 ლარამდე ან/და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით”.
როგორც ცნობილია, რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსითაც დასჯადია, თუმცა, გაჩეჩილაძის განმარტებით, არსებობს განსხვავება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებასა და იმ ნორმას შორის, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს უნდა დაემატოს:
“სისხლის სამართლის კოდექსში გვაქვს მუხლი რელიგიური აღმსარებლობისთვის ხელის შეშლა, მაგრამ იქ აუცილებელი მომენტია ძალადობა, ანუ ქმედებას თან უნდა ახლდეს ძალადობა ან ძალადობის მუქარა. ბევრი შემთხვევაა, მაგალითად, “ფემენის” შემთხვევა რომ გავიხსენოთ, შევიდა ეკლესიაში, გაშიშვლდა, დაიწყო ხმამაღლა ყვირილი – ამას ძალადობა არ ახლავს თან, მაგრამ არის რაღაც ისეთი ქმედება, რომელიც… რელიგიურ აღმსარებლობას თუ ხელი შეუშალე [არაძალადობრივი ფორმით], მაშინ ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსით იქნება [დასჯადი]. მიდის ღვთისმსახურება, შევიდა პიროვნება, ძალადობა არ გამოიყენა, მაგრამ დაიწყო ყვირილი, გაშიშვლება, ანუ თავისი არაძალადობრივი ქმედებით ხელი შეუშალა ღვთისმსახურებას”, – აცხადებს იგი.
ადამიანის უფლებების სწავლებებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე კი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ კანონპროექტის სახეცვლილი ვარიანტიც პრობლემურია.
“ის ცვლილებები, რომელიც აისახა ბოლო პროექტში, მაინც პრობლემურია. პირველ რიგში ხაზგასასმელია, რომ ამ ცვლილებების შეტანა შსს–ს მხრიდან მოხდა მხოლოდ საპატრიარქოსთან და რამდენიმე ორგანიზაციასთან შეხვედრის შემდეგ. საკითხის განხილვა არ მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციების, ისევე, როგორც უმრავლესი რელიგიური კონფესიების მონაწილეობით”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ ეს ნორმა სიძულვილის ენის განმარტების საერთაშორისო პლატფორმასა და კონცეფციას არ შეესაბამება, რადგან მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფების დაცვისაკენ არ არის მიმართული.
“რაც შეხება შინაარსს, ტექსტში დარჩა რელიგიური შუღლის და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ან ამგვარი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება. ჩვენი შეფასებით, ეს ნორმა, რომელიც ამ ბოლო ვერსიაშია მოცემული, მაინც ემსახურება დომინანტი რელიგიური ჯგუფის ინტერესებს და მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მოიცავს რელიგიურ უმცირესობებს, ეს არის პრობლემური. ის სერიოზულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და მოდის წინააღმდეგობაში საერთაშორისო თუ ეროვნულ სტანდარტებთან. ახლა როგორც არის ნორმა ფორმირებული, ის ძალიან ბუნდოვანია, რომელიც განჭვრეტადობის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, რადგან ნებისმიერი სუბიექტურად აღქმადი სიძულვილის საჯარო გამოხატვაც კი შეიძლება გახდეს დასჯადი, რაც პრობლემურია. ის არ ადგენს კრიტერიუმებს, თუ რა შეიძლება იყოს დასჯადი. ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური მაინც არის ის, რომ ეს ნორმა დომინანტი რელიგიური ჯგუფის საწინააღმდეგო საჯარო გამოხატვასაც სამართალდარღვევად მიიჩნევს, რაც პრობლემურია. თუ შსს და საპატრიარქო ცდილობენ, რომ ეს ცვლილება სიძულვილის ენით გაამართლონ, ეს არ არის სწორი, რადგან ის ფილოსოფიურად ეწინააღმდეგება სიძულვილის ენის კონცეფციას. თუ სახელმწიფო სიძულვილის ენის რეგულაციას ახდენს, მაშინ ის მხოლოდ უმცირესობებს უნდა შეეხოს იმიტომ, რომ სიძულვილის ენის პირობებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ხდება და როცა სიძულვილის ენის კრიმინალიზაცია ხდება, ამის მოტივი არის მოწყვლადი ჯგუფების და უმცირესობების დაცვა და არა ზოგადად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ზუსტად ეს არის აქ პრობლემური. ამ შემთხვევაში გამოხატვაზე გაუმართლებელი შეზღუდვა წესდება”, – აცხადებს იგი.
რაც შეეხება კანონპროექტის იმ მუხლს, რომელიც რელიგიური დანიშნულების ნაგებობების ან/და სხვა სიწმინდეების წაბილწვას, მათზე ნებისმიერი შეურაცმყოფელი წარწერის გაკეთებას ან/და მათი რელიგიური მოტივით დაზიანებას გულისხმობს, იურისტი ამბობს:
“რაც შეეხება შენობების და ნაგებობების წაბილწვას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ისედაც არის შენობა–ნაგებობების დაზიანების შეზღუდვა და ცალკე რეგულაციების საჭიროებას ვეღარ ვხედავთ. ეს არის 150–ე და 151–ე პრიმა მუხლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის”.
თამთა მიქელაძის თქმით, ბუნდოვანია პროექტის მესამე ნორმაც- ღვთისმსახურების ან/და სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის თაობაზე:
“ასეთი ჩანაწერი პრობლემას არ წარმოადგენდა, თუ იგი დააკმაყოფილებდა განჭვრეტადობის მოთხოვნას, რადგან ზოგადად ხელის შეშლაზე როცაა საუბარი, კანონი მკაცრ ზღვარს არ ავლებს. მაგალითად, საჯარო დაწესებულებებში რელიგიური ნეიტრალიტეტი სადამდე უნდა იყოს დაცული. მაგალითად, თუ რომელიმე საჯარო დაწესებულებაში ვინმეს მოუნდება ლოცვა, ადმინსიტრაციამ ეს უნდა შეზღუდოს, თუ არ უნდა შეზღუდოს, ცალსახად არსად წერია. ამიტომ სამართალდარღვევის დაკისრება ისეთ ნორმაზე, რომელიც კარგად არ არის გამიჯნული, ნათელი და განჭვრეტადი, გაუმართლებელია”.
პაატა გაჩეჩილაძის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე კანონპროექტის საკითხზე გარკვეული შენიშვნები სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებმა გამოთქვეს. “ნეტგაზეთი” მათი პოზიციითაც დაინტერესდა:
“ჩვენი პოზიცია მდგომარეობს შემდეგში. 1. აუცილებელია არსებული კანონმდებლობის დახვეწა და არსებული კანონმდებლობის იმპლემენტაციაზე მეტი ყურაღების მიქცევა, რადგან ჩვენ გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსში ნორმები, რომლებიც კრიმინალიზაციას ახდენენ რელიგიური წესის აღსრულებისთვის ხელის შეშლაზე. 2. ჩვენ მივმართეთ მინისტრის მოადგილეს და ვუთხარით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში აუცილებელია ზოგადი ნორმის შემოღება, როგორიც გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც დისკრიმინაციული მოტივით განხორციელებული ქმედების დროს, დისკრიმინაციული მოტივი აღიარებული იყოს ბრალის დამამძიმებელ გარემოებად. ანუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზოგად ნაწილში ასეთი ნორმის შემოღება, რომელიც ნებისმიერ ქმედებას, რომლის შემადგენელი ნაწილიც იქნება სიძულვილი, ზოგადად უნდა იყოს მიუღებელი და დასჯადი. მესამე წინადადება, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო წარმოდგენილი, მდგომარეობდა იმაში, რომ არა მხოლოდ რელიგიური ნიშნით განხორციელებული რომელიმე ქმედება იყოს დასჯადი, არამედ ეთნიკური ნიშნითაც”, – აცხადებს ლევონ ისახანიანი, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელი.
კითხვას, როგორი იქნება სომეხთა სამოციქულო ეკლესიის პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ მათი წინადადებების გათვალისწინება არ მოხდება, იგი ასე პასუხობს:
“კანონპროექტის ეს ვერსია განსხვავდებოდა იმ ვერსიისგან, რომელიც ჩვენ მანამდე ვნახეთ. ჩვენ არ ვიცით, რამდენჯერ ექნება კანონპროექტში სახეცვლილებას ადგილი, შესაბამისად, ამ ეტაპზე ადრეა საუბარი იმაზე, თუ როგორი კანონპროექტი იქნება მიღებული. ზოგადად ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორი პრინციპია გასათვალისწინებელი: ზნეობა უნდა იყოს დაცული და თუკი რომელიმე სუბიექტი რელიგიური ნიშნით სჩადის ქმედებას, რაც ზნეობას ეწინააღმდეგება, ამას გარკვეული პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა ხდებოდეს საზოგადოებაში დაცული სხვა სიკეთეეების ხარჯზე, მაგალითად, იქნება ეს თვითგამოხატვის თავისუფლება თუ სხვა”.
პაატა გაჩეჩილაძის განცხადებით კი, კანონპროექტი ჯერჯერობით განხილვებისთვის ღია რჩება. მისი ინფორმაციით, ლევან იზორია მომდევნო კვირაში აპირებს, რომ შეცვლილი ვარიანტი სამოქალაქო სექტორსაც გააცნოს. რელიგიურ გაერთიანებათა ნაწილი კი ამ კანონპროექტის მიღებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, მათ დღეს შესაბამისი განცხადებაც გაავრცელეს.