ახალი ამბები

ავსტრიიდან საქართველოში დავით ჩაგინავას ექსტრადიცია განხორციელდა

7 ნოემბერი, 2013 •
ავსტრიიდან საქართველოში დავით ჩაგინავას ექსტრადიცია განხორციელდა

გამოძიების ვერსიით, დავით ჩაგინავა სხვადასხვა დროს, თანამზრახველებთან ერთად, მეგის ქარდავას დავალებით, უშუალოდ მონაწილეობდა ორი პიროვნების გატაცებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ცემაში, წამებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და გაუპატიურებაში. 

 

“მეგის ქარდავამ შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისადმი დაქვემდებარებული, შს სამინისტროს თანამშრომლებისა და სხვა პირებისგან შექმნა სტრუქტურული ფორმის მქონე, მყარად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანი იყო სხვადასხვა დანაშაულის ჩადენა. დავით ჩაგინავა წარმოადგენდა ამ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს. მეგის ქარდავას უშუალო დავალებით ჯგუფის წევრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით, ტყის მასივებში, კონკრეტულ პირთა წამების, დაშინების და სხვა უკანონო ქმედებების ჩასადენად მოწყობილი ჰქონდათ ე.წ. „მიწურები“ და ხის სადგომები”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

 

დავით ჩაგინავა
დავით ჩაგინავა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ჩაგინავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის დაპატიმრების და ექსტრადიციის მიზნით ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში 2013 წლის 10 სექტემბრიდან იმყოფებოდა, ხოლო  30 სექტემბერს ავსტრიის რესპუბლიკაში დააკავეს. 

 

ჩაგინავას ბრალი ედება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წამებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი