“საკრებულოს ყოფილი თანამშრომლები შტატების ზრდის პირობებში შტატების შემცირების მოტივით გათავისუფლდნენ,” – თქვა კახა კოჟორიძემ, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, და დაამატა, რომ საკრებულოს ყოფილი თანამშრომლების შემთხვევაში “საჯარო სამსახურის შესახებ კანონი” დაირღვა.
საკრებულოს 22-მა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა “საიას” თავიანთი საქმის შესწავლის მოთხოვნით მიმართა. კოჟორიძის განმარტებით, თბილისის საკანონმდებლო ორგანომ 17 სექტემბერს გაათავისუფლა თანაშრომლები, მაშინ, როცა ამავე ორგანომ 16 აგვისტოდან (რეორგანიზაციის დაწყებიდან) 17 სექტემბრამდე (თანამშრომლების გათავისუფლებამდე) შტატის რაოდენობა11 ერთეულით გაიზარდა.
“საიას” მიერ გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 16 აგვისტოს განკარგულებით საშტატო ერთეული 199 იყო, ხოლო 17 სექტემბერის დადგენილების მიხედვით, შტატების რაოდენობა 210 გახდა.
კოჟორიძე საკრებულოს მიმართავს, რომ გადახედოს ამ პირების გათავისუფლების გადაწყვეტილებას, რადგან გათავისუფების მოტივი საკმარისად დასაბუთებული არ არის.
ორგანიზაციის განცხადებით, “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” საჯარო დაწესებულებას ავალდებულებს, რომ დაასაბუთოს, რატომ გაათავისუფლა ეს თუ ის პირი თანამდებობიდან და რატომ მიანიჭა მეორეს უპირატესობა. ასევე დასაბუთებული უნდა იყოს, რა შინაარსის მოთხოვნები ჰქონდა საკრებულოს რეორგანიზაციის პროცესში.
კახა კოჟორიძის თქმით, სხვა თანამშრომლებიც გაათავისუფლა საკრებულომ, თუმცა “საიას” მხოლოდ ოცდაორმა თანაშრომელმა მიმართა. მათ საკრებულოს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული.