ახალი ამბები

პარლამენტთან იპოთეკური სესხის მქონე პირების აქცია გაიმართა

6 ნოემბერი, 2013 • • 1090
პარლამენტთან იპოთეკური სესხის მქონე პირების აქცია გაიმართა

იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაციის წარმომადგენელი მალხაზ ხაბაზი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გაკეთებული არაფერია:

 

„დღესდღეობით გაკეთებული არაფერი არ არის, ერთადერთი ისაა, რომ დადებითი სიგნალები მოდის  და მალე ველოდებით, რომ ეს საკითხი დაიძვრება. ბატონ ბიძინას ვთხოვთ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს და ცოტა დააჩქაროს. უამრავი სახლია აუქციონზე გატანილი და იყიდება. ბევრი უბედურება მოყვება ამას.“

 

მისივე თქმით, კანონპროქტი, რომელიც პარლამენტში შევიდა და იპოთეკური სესხის პირობების დარეგულირებას ითვალისწინებს, არაფერს ცვლის:

 

„რაც შეეხება ახალ კანონპროექტს, მინდა ქალბატონ თეა წულუკიანს ვთხოვო, რომ ეს კანონპროექტი კომერციულ ბანკებსაც შეეხოთ. ეს ეხება მხოლოდ კერძო მევახშეებს, მათთვის განისაზღვრება საპროცენტო ზედა ზღვარი და ეს ხალხისთვის არაფერი არ არის„

  

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად,  იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებისთვის, გარდა 1000 ლარამდე (ან მისი ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში) გაცემული სესხებისა, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის (გარდა იპოთეკის სანოტარო წესით დამოწმებასა და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვებ-გვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2,5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს, რაც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწსებულებებზე – საკრედიტო კავშირებზე და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი