ახალი ამბები

გარემოვაჭრეების აქცია ქუთაისში

6 ნოემბერი, 2013 • • 976
გარემოვაჭრეების აქცია ქუთაისში

აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციელები მათ გარევაჭრობის საშუალებას არ აძლევენ და  შეურაცხყოფას აყენებენ. გარდა ამისა, გარემოვაჭრეები განმარტევენ, რომ ბაზარში 80 კვადრატული სანტიმეტრის ფართში მათ 5 ლარის გადახდა მოთხოვეს, რისი საშუალებაც, მათივე თქმით, არც ერთს აქვს:


„სოფლიდან ჩემი ნაშრომი და ნაწვალები პროდუქტი მომაქვს, ვდგავარ ქუჩაში და ვყიდი. ახლა გვიკრძალავენ. გვითხრეს, რომ დარბაზში შეხვალ და 80 კვადრატულ სანტიმეტრში 5 ლარი უნდა გადაიხადო, ჯერ ამდენი რა უნდა დააწყო, მერე კიდევ, შაბათ-კვირას იქნები თუ არა, ფული მაინც უნდა გადაიხადო. მე ვერ გადავიხადე ეს 5 ლარი, ვალი დამედო და გამოვედი გარეთ. გარევაჭრობის საშუალებას არ გვაძლევენ, ხანდახან უხეში საუბარიც მიმდინარეობს, ხან ჩვენ ვეკამეთებით, ხან – ისინი,“ – ამბობს მარინა ტყაბლაძე.


ერთ-ერთი გარემოვაჭრე, მზია კურტავა აცხადებს, რომ პოლიცია მათ აგრესიულად ეპყრობა:


„ბაზრის წინ არ ვდგებით, მოშორებით ვდგავართ და ყოველდღე 20-25 პოლიციელია ადგილზე, რომ არ ვივაჭროთ. რომ დაგვინახავს, მოვა, ფეხს ურტყამს “ვედრას” და ასე უპატივცემულოდ გვექცევა. მოვედით მერიასთან და მერი არ დაგვენახა საერთოდ.“

 

აქციის მონაწილეები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, გია შარაბიძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. თუმცა შარაბიძეს თათბირი ჰქონდა და  გარემოვაჭრეებს არ შეხვდა. შარაბიძემ ჟურნალისტებთან არც კომენტარი გააკეთა გარემოვაჭრეების პრობლემაზე.


მერის მოვალეობის შემსრულებლის ნაცვლად აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსულებელი მურად იობიძე გამოვიდა. იობიძის განმარტებით, გარემოვაჭრეებისთვის უკვე გამოყოფილია ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ ივაჭრონ, მაგრამ ისინი უარს ამბობენ ფართზე იმ მიზეზით, რომ ადგილი ცენტრალური გზიდან მოშორებით მდებარეობს და კლიენტები ნაკლებად ჰყავთ.

 

„რკინიგზის სადგურის გვერდით გამოყოფილია ფართი, მშვენიერი მაღაზიებია აშენებული და შეუძლიათ ივაჭრონ, მაგრამ მიზეზი აქვთ, რომ 50 მეტრით არის გზიდან დაცილებული და აქ ხალხი არ შემოვაო. რაც შეეხება თანხას, იობიძე ამბობს, რომ გარემოვაჭრეები იტყუებიან:


„ტყუილი, ტყუილი, ტყუილი! მაგათ უთხრეს 2 ან 3 ლარი, ზუსტად არ ვიცი. 5 ლარი დიდ ბაზარში არის. საერთოდ არ მისულან იქ და არ უკითხავთ ფასი და როგორ ამბობენ ამას? არის სულ 12 გარემოვაჭრე დარჩენილი და ამ თორმეტს უნდა, სადაც ცხოვრობენ მეორე სართულზე, იქიდან პირველზე ჩამოვიდნენ და გარეთ ივაჭრონ.“


აქციის მონაწილეებმა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე განცხადება დაწერეს და როგორც მერიაში აცხაებენ, შარაბიძე მათ ხვალ შეხვდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი