ახალი ამბები

ტყიბულის შახტში შრომის უსაფრთხოების პირობებს საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან

19 აპრილი, 2018 • 1647
ტყიბულის შახტში შრომის უსაფრთხოების პირობებს საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან

ტყიბულის შახტში შრომის უსაფრთხოების პირობებს საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან. ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნის შემდეგ, იმ ღონისძიებების ნუსხა განისაზღვრება, რაც  “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფმა” უნდა განახორციელოს, რის შემდეგაც კომპანია გადაწყვეტს, გააგრძელოს თუ არა ტყიბულში საქმიანობა.

ამ შეთანხმებას მხარეებმა დღეს, 19 აპრილს, გამართულ სამმხრივი კომისიის შეხვედრაზე მიაღწიეს, რომელსაც დამსაქმებელი კომპანიისა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ:

“ჩვენი მოთხოვნა იყო,  რომ შრომის უსაფრთხოების საკითხები საერთაშორისო ექსპერტიზას შეემოწმებინა. ამ პერიოდში კი, სანამ შახტი დაკეტილი იქნებოდა, მოცდენა დასაქმებულთათვის აენაზღაურებინათ. პრინციპში, ამაზე თანხმობა მივიღეთ დამსაქმებელისა და მთავრობისაგან”, – ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი ვიტალი გიორგაძე.

მას შემდეგ კი, რაც საერთაშორიოს ექსპერტების დასკვნა გახდება ცნობილი, თუ რამდენად არის შახტში უსაფრთხოების ნორმები დაცული და რამდენად შესაძლებელია მათი გაუმჯობესება ფატალური შემთხვევების მაქსიმალურად გამოსარიცხად, ღონისძიებების ნუსხა განისაზღვრება. რის შემდეგაც “საქართველოს ინდუსტრიულ ჯფუში” იმსჯელებენ, გააგრძელებენ თუ არა საქმიანობას

“მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოწვეული იყოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპანია, რომელიც შეაფასებს, ზოგადად, რამდენად არის შახტში უსაფრთხოების ნორმები დაცული. ასევე იმას, თუ რამდენად შეიძლება შახტში უსაფრთხოების ნორმების დაცვა იმგვარად, რომ მაქსიმალურად იყოს გამორიცხული ფატალური შემთხვევები. ამის შემდეგ განისაზღვრება ღონისძიებების ნუსხა. ხოლო კომპანია განსაზღვრავს, ამ ფორმატში რამდენად აქვს სურვილი გააგრძელოს საქმიანობა,” – განაცხადა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ.

როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა, ვიტალი გიორგაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, შეხვედრაზე იმ შემთხვევაზეც იმსჯელეს, თუ ტყიბულის შახტი, სადაც 1500-მდე ადამიანია დასაქმებული, დაიხურება. გიორგაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში, რაიმე სხვა სოციალური პროექტის მოფიქრება იქნება საჭირო.

სხვა საკითხებს შორის, რომელზეც სამმხრივი კომისიის ფორმატში იმსჯელეს, ტყიბულის შახტში და ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთათვის სოციალური შეღავათების შემოღება იყო. გიორგაძის თქმით, ამ საკითხებზე ცალკე კომისია შეიქმნა:

“სოციალურ შეღავათებს რაც შეეხება ჭიათურასა და ტყიბულში დასაქმებული ადამიანებისთვის, ამ საკითხზე შეიქმნა ცალკე სამუშო კომისია. 1 კვირაა განსაზღვრული. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ სოციალური შეღავათები ჰქონოდათ საშემოსავლო ნაწილში, ასევე, საპენსიო ასაკი დაწეულიყო. ასევე, პენსიასთან დაკავშირებით,  მაგალითად, სტრუქტურაში დასაქმებულ ადამიანებს, როდესაც გადიან პენსიაში, მათ აქვთ განსხვავებული პენსია იმიტომ, რომ მძიმე და საშიშ პირობებში უწევდათ მუშობა – ვითხოვთ, იგივე გავრცელდეს მეშახტეებზე” – ამბობს გიორგაძე.

მისი თქმით, სამივე საკითხზე მხარეებმა თანხმობას მიაღწიეს, თუმცა, კონკრეტულად რისი გაღება შეუძლია სახელმწიფოს, ამაზე ერთ კვირაში იმსჯელებს სპეციალურად შექმნილი კომისია.

კომისიის სხდომის პარალელურად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115”-ის წევრების აქცია მიმდინარეობდა. ისინი, შეხვედრაზე ტყიბულელი მეშახტეებისთვის დასწრებაზე უარის თქმას აპროტესტებენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ინციდნეტი მოხდა.

 

აუდიტორია 115-ის აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც ტყიბულის თემაზე სამმხრივი კომისიის შეხვედრა იმართებოდა.

Posted by netgazeti.ge on Thursday, 19 April 2018

“აუდიტორია 115-ის” მოთხოვნები  ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფის წევრების მოთხოვნების იდენტურია, მათ შორის:

1. დროებით შეჩერდეს ტყიბულის შახტების (ასევე მასთან დაკავშირებული საწარმოო პროცესები) ფუნქციონირება და კომპანიამ და სახელმწიფომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ შახტებში არსებული შრომის პირობებისა და უსაფრთხოების პრობლემების მოგვარება. კერძოდ, მოხდეს შახტებში არსებული შრომის პირობებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის სრულფასოვანი შეფასება, გაიწეროს საწარმოსა და სამუშაო პროცესის მოდერნიზაციის გეგმა და დაუყოვნებლივ მოვიდეს საწარმოში არსებული შრომის პირობები და უსაფრთხოების საკითხები შესაბამისობაში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან, გაწერილი გეგმის შესაბამისად. ამასთან, საწარმოს ფუნქციონირების დროებითი შეჩერების პერიოდში სრულად ანაზღაურდეს საწარმოში დასაქმებულების ხელფასი და ამაზე სრულად აიღოს პასუხისმგებლობა კომპანიამ და/ან ხელისუფლებამ;

2. დაიდოს კოლექტიური ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულებებს შორის, რაც გაითვალისწინებს სათანადო შრომით და სოციალურ გარანტიებს დასაქმებულებისათვის;

3. დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან ის თანამშრომლები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები საწარმოში დღეს არსებულ უმძიმეს ვითარებაზე.


რა მოხდა მინდელის შახტში:

2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში ნგრევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა – 3 კი დაშავდა. დაშვებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.
საქნახშირი აცხადებს, რომ მინდელის შახტში დაღუპულების ოჯახებს 20-20 ათას ლარამდე კომპენსაცია გადაეცემათ. საქნახშირში აცხადებდნენ, რომ წინასწარი ვერსიით, ტრაგედია სამთო დარტყმამ გამოიწვია.

შსს-მ გამოძიება, ტრადიციულად, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხელისუფლების ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ შრომითი კანონმდებლობა დასახვეწია.

მანამდე:

2017 წლის 9 მაისს მინდელის სახელობის შახტში 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან 4 ემსხვერპლა ლიფტის ჩავარდნას.
ამავე დღეს თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, დაღუპული მეშახტეების ოჯახებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. ხმაურიან აქციაზე პოლიციამ 2 აქტივისტი გზის გადაკეტვის გამო დააკავა.
2018 წლის გასულ სამ თვეში ქვეყნის მასშტაბით საწარმოო და სამუშაო ადგილებზე 18 დაიღუპა, ხოლო 12 მძიმედ დაშავდა. 2017 წელს 41 გარდაიცვალა და 66 მძიმედ დაშავდა. აქედან მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, გასულ 15 თვეში გარდაიცვალა 11 ადამიანი.
2010 წლიდან დღემდე მინდელის სახელობის შახტში 25-მდე ადამიანი დაიღუპა

მასალების გადაბეჭდვის წესი