საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონპროექტში წარმოდგენილი ნორმები, როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმის თვალსაზრისით, ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან, ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნას და საბოლოო ჯამში, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მძლავრი, საზოგადოებრივი დისკუსიის განადგურების უნარის გამო.
საუბარია საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს კოდექსისთვის ახალი 1691 მუხლის დამატებას.
აღნიშნული მუხლი სამართალდარღვევად აცხადებს ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლას.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ უშუალოდ ღვთისმსახურების ან/და სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის და რელიგიური შენობების ან სხვა სიწმინდეების დაზიანების გარდა, კანონპროექტი კრძალავს რელიგიასთან დაკავშირებული ქმედებების ფართო სპექტრს:
- რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვას ან/და სხვაგვარ დამამცირებელი ქმედებას, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას; რელიგიური შუღლის და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვას ან/და ამგვარი ქვედებისკენ საჯაროდ მოწოდებას;
“შემოთავაზებული ფორმულირებით პირის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ერთადერთი კრიტერიუმია „მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“, რაც სრულიად მოკლებულია ობიექტური შეფასების შესაძლებლობას და ერთი ადამიანის გამოხატვას მთლიანად მეორე ადამიანის – მორწმუნის კონტროლის ქვეშ აქცევს, რასაც პრაქტიკულად აქვს მორწმუნეებისთვის პრივილეგიის მინიჭების ეფექტი,”- წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დამატებით, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა, აღასრულებენ რა კანონს, ამ ნორმის საფუძველზე უნდა შეაფასონ, რა შეიძლება იყოს „შეურაცხმყოფელი მორწმუნის გრძნობებისთვის“, რაც, ომბუდსმენის განმარტებით, ამ ორგანოებს თვითნებობის ფართო შესაძლებლობას მიანიჭებს.
“ამასთან, „გრძნობების შეურაცხყოფა“ თავისთავად არ გამოდგება ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის საფუძვლად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ „პოზიციის, ფასეულობების, იდეების მიუღებლობა არ შეიძლება გახდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ობიექტურად იდენტიფიცირებადი ინტერესები, მაგრამ არა სუბიექტური გრძნობები.
დამატებით, ნორმაში მოყვანილია უფრო ფართო დებულება, როგორიცაა „რელიგიური შუღლისა და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ამგვარი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება.“ როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, ისე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მდგრადად ამკვიდრებენ სტანდარტს, რომ უვნებელი მოწოდებების აკრძალვა, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე დებატის ნაწილია, არღვევს გამოხატვის თავისუფლებას.”
ღია და დაუბრკოლებელი საჯარო განხილვა საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ დემოკრატიისთვის და მოქალაქეების მიერ თვითმმართველობის რეალური შესაძლებლობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის სიკეთეა.
“როდესაც გამოხატვის თავისუფლება იზღუდება სხვათა უფლებების დაცვის სახელით, მნიშვნელოვანია კონკრეტული გამოხატვის მნიშვნელობის გათვალისწინება საზოგადოებრივი დისკურსისთვის. საზოგადოებაში, სადაც რელიგიური ორგანიზაციები განსაკუთრებით ძლიერი და გავლენიანია, ძალიან მნიშნველოვანია, რომ ადამიანებს ქონდეთ ამ ორგანიზაციების, მათი წარმომადგენლების და მიმდევრების მიმართ საკუთარი, თუნდაც მიუღებელი აზრების გამოხატვის უფლება. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა არამორწმუნეებისთვის, რომ მათთვისაც არსებობდეს კერძო და საჯარო სფეროში თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. შემოთავაზებული ნორმა ზღუდავს საზოგადოებაში ათეისტური შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ათეიზმი ზუსტად იგივე დაცვით სარგებლობს, როგორც რაიმე რელიგიური მიმდინარეობა და ათეისტების შეხედულებები რელიგიის საკითხებზე სამართლებრივად იმავე წონის უნდა იყოს, როგორც სხვა მორწმუნეების შეხედულებები. ამ სტანდარტს ეს ნორმა ცალსახად უგულებელყოფს. საზოგადოებაში პლურაზმის ხელშეწყობისა და განსხვავებული შეხედულებებისადმი პატივისცემის წახალისების ნაცვლად, შემოთავაზებულმა ნორმამ რელიგიურ გაერთიანებებსა და სხვადასხვა რწმენისა და შეხედულებების მქონე პირებს შორის წინააღმდეგობა შეიძლება გაამწვავოს.”
სახალხო დამცველის აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ შემოთავაზებული ნორმით მიღებული სიკეთე ძალიან საეჭვოა, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მიყენებული ზიანი კი- ერთმნიშვნელოვანი, ნორმა წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულ შეზღუდვას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო აქტებით დადგენილ გარანტიებს.
“შესაბამისად, აღნიშნული საფრთხეების გამო საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს მიმართავს, უარი თქვას ამ ფორმისა და შინაარსის მქონე კანონპროექტის მიღებაზე.”