საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კონსოლიდირებული ანგარიში ყოველ ექვს თვეში წარედგინება ევროპის საბჭოს. მე-8 ანგარიში მოიცავს პერიოდს 2013 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით. მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომის ფარგლებში გაიმართება დებატები, რომელზეც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გამოხატონ პოზიცია გენერალური მდივნის ანგარიშთან დაკავშირებით.
გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მოსმენას საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე კორკელია და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საბჭოს სამმართველოს წარმომადგენელი დაესწრებიან.
“მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭო აგრძელებს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ვალდებულებების მონიტორინგს, რაც უკავშირდება 2008 წლის ომის შედეგებს და საკითხი „კონფლიქტი საქართველოში“ მუდმივად დგას ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.