ტოლოკონიკოვას ქმრის, პიოტრ ვერზილოვის განცხადბით, მან მიიღო 100%-ით სარწმუნო ინფორმაცია, რომ მისი ცოლი კრასნოიარსკის რეგიონში არსებულ ციხეში გადაიყვანეს, რომელიც 3000 კილომეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული მოსკოვიდან. ვერზილოვის განცხადებით, სპეციალური ციხე, სადაც ტოლოკონიკოვა იმყოფება, ჯერ-ჯერობით ზუსტად დადგენილი არ არის. თუმცა ვარაუდობენ, რომ ჯგუფის წევრი ციხე # 50-ში იმყოფება, ნეჟნი ინგაშში, რომელიც 321 კილომეტრითაა დაშორებული კრასნოიარსკის რეგიონულ ცენტრს.
ვერზილოვი ამბობს, რომ მისი ცოლი საჯარო განცხადებების გამო დასაჯეს და ციმბირის ციხეში გადაყვანის გადაწყვეტილება მედიისგან ტოლოკონიკოვას მაქსიმალური იზოლაციისთვის მიიღეს.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მათ არ შეუძლიათ გამოიყენონ ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც პატიმრებთან იყენებენ, ამიტომ ასეთი დასჯის გზა არჩიეს”- ამბობს იგი.
შეგახსენებთ, რომ ნადეჟდა ტოლოკონიკოვა სხვა ციხეში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც შიმშილობა დაიწყო ციხეში არსებული პირობების გამო. იგი მორდოვიას ქალთა კოლონიაში იმყოფებოდა. ტოლოკონიკოვამ ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღწერდა, რომ პატიმრებს მონური შრომით ამუშავებდნენ დღეში 17 საათი, სადისტურად სჯიდნენ და მისივე თქმით, მსგავსი მდგომარეობა იმ ლიტერარტურაშია აღწერილი, რომელშიც საბჭოთა გულაგის შესახებ წერია. აღნიშნულმა წერილმა დებატები გამოიწვია რუსეთშიც და საერთაშორისო დონეზე.
23 წლის ტოლოკონიკოვა აცხადებდა, რომ წერილის შემდეგ ციხის თანამშრომლებმა ის ინფორმაციულ ვაკუუმში მოაქციეს. 21 ოქტომბერს კი ციხის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ტოლოკონიკოვა მორდოვიის ციხიდან გადაჰყავდათ, თუმცა მეტი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, არც ქმარს და არც ადვოკატებს ჰქონიათ მასთან კონტაქტი ამის შემდეგ.
რუსეთის სახალხო დამცველმა, ვლადიმირ ლუკინმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ციხის წარმომადგენელბისგან მიღებული ინფორმაციით, ტოლოკონიკოვას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და იგი ახალ ციხეში გადაიყვანეს.
კანონის მიხედვით, ადვოკატებს და ნათესავებს არ აქვთ ინფორმაციაზე წვდომა პატიმრის გადაყვანის მომენტში, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღე ან კვირა გაგრძელდეს. ინფორმაციას მათ მხოლოდ მას შემდეგ აწვდიან, რაც პატიმარი საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მიაღწევს.
ტოლოკონიკოვას და პანკ-ჯგუფის კიდევ ერთ წევრს, მარია ალიოხინას 2- წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი ხულიგნობისთვის. ბრალის მიხედვით, ხულიგნობა რელიგიური სიძულვილის ნიადაგზეა ჩადენილი. გასული წლის თებერვალში ჯგუფმა ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო პერფორმანსი მოაწყვეს და სიმღერა შეასრულეს რუსეთის მთავარ ტაძარში, ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, რომელიც ასევე წარსდგა სასამართლოს წინაშე, ციხე აპელაციის საფუძველზე დატოვა.








