საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელიც დღეისთვის იყო დაგეგმილი, შესაძლოა გადადიდოს. ამის შესახებ თავად უმრავლესობის წევრები ჟურნალისტებთან საუბრობენ.
მათი თქმით, აღნიშნულ სხდომაზე უნდა განხილულიყო უმრავლესობაში არსებული ის პრობლემები, რომლებზეც ბოლო დროს მედიაში აქტიურად საუბრობენ. თუმცა, როგორც “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, პრობლემები ჯგუფში არცთუ ისე მძაფრია.
“მაქსიმუმ 3-4 დღის განმავლობაში უმრავლესობის სხდომა უნდა ჩატარდეს და უახლოს მომავალში გეცოდინებათ, ეს იქნება დღეს, თუ უახლოეს მომავალში.
იყო ცალკეული განცხადებები. თუნდაც ისეთები, რომლის გამოც თქვენ მოგეცათ იმის თქმის საფუძველი, რომ არის დაპირსპირიება ჯგუფში. იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ამავე დროს არის რესურსი, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს,” – განაცხადა მან.
“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირების არსებობის შესახებ აქტიური საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩევა დაასახელა. 9 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძის განცხადება გააკრიტიკა პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა. ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ კობახიძის რიტორიკა მიუღებელია და მან თავის თავზე უნდა იმუშაოს, დავით ჭიჭინაძემ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება არ გამორიცხა, ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლა “ნურავის ეჩქარება”.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 10 აპრილს განაცხადა, რომ ამ დეპუტატებს, ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, უმრავლესობის ფორმატში დაელაპარაკებიან და სხვა ღონისძიებებზე შემდეგ იმსჯელებენ.
11 აპრილს ნუკრი ქანთარიამ კი განაცხადა, რომ არსებობს უმრავლესობიდან გასარიცხი დეპუტატების სია, რომელშიც, სავარაუდოდ, შედიან: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზაზა პაპუაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი და ნუკრი ქანთარია.
გედევან ფოფხაძემ 13 აპრილს განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდიდან წასვლა-არწასვლის შესახებ, უმრავლესობის სხდომის გამართვის შემდეგ მიიღებს.