კომისიის განცხადებით, რადიომონიტორინგი კიდევ ერთხელ, 2013 წლის 1 ნოემბერს ჩატარდა და შიდა ქართლის რეგიონის სოფლების- ერგნეთის, დიცის, დვანის, ნიქოზის, არბოს, მერეთის და თერგისის მიმდაბერე ტერიტორიებზე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება შემოწმდა.
“მონიტორინგის შედეგად ზემოთ ხსენებულ დასახლებულ პუნქტებში რუსეთის ფედერაციის ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორის ფუნქციონირება (ქვეყნის მობილური კოდით MCC 250 და მობილურის ქსელის კოდით MNC 30) დადასტურდა. გარდა ამისა, დასტურდება ქ. ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საბაზო სადგურების განთავსების ფაქტი. თუმცა მობილური ოპერატორის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აგრძელებს მუშაობას, რათა გამოვლენილ იქნას საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი კონკრეტული სუბიექტი, რათა განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული სანქციები”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.
28 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსულ სატელეკომუნიკაციო კომპანია MTC–ს შესაძლოა საქართველომ უჩივლოს, რადგან საოკუპაციო ხაზთან მობილური, რომელიც MTC–ის ქსელშია ჩართული, აჩვენებს, რომ ტერიტორია რუსეთს ეკუთვნის.
“პოლონელი ჟურნალისტებისგან მივიღე გუშინ ინფორმაცია, რომ როდესაც საზღვართან ახლოს მივიდნენ, MTC–ი ჰქონდათ, რუსული ქსელი და იქ რუსულმა ტელეფონმა აღნიშნა, რომ თქვენ მოხვედით რუსეთის ტერიტორიაზე, როდესაც 200 მეტრით მიუახლოვდნენ საზღვარს. ჩვენ კიდევ ცდებს ჩავატარებთ და MTC–ს წინასწარ ვაფრთხილებ, რომ ჩვენ ვუჩივლებთ აუცილებლად, როგორც საჭიროა და როგორც ხდება საერთაშორისო ნორმებით, ეს არის აღმაშფოთებელი. მე ვისარგებლებდი სიტუაციით და მივმართავდი რუსეთის ხელისუფლებას, რომ ასეთი გაუგებრობისგან თავი შეიკავოს. მე არ ვიცი, ეს არის შეთანხმებული ხელისუფლებასთნ, თუ არ არის შეთანხმებული. ჩვენ გადავიღეთ ფოტოები, ავიღეთ ინტერვიუები პოლონელი ჟურნალისტებისგან და ჩვენ ამაზე აუცილებლად მკაცრ რეაქციას გავაკეთებთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ზემოხსენებულ პრესკონფერენციაზე.