“ წინა [2010 წლის] ადგილობრივი თვითმმართველბის არჩევნების ჩატარებამდე, სოფლის რწმუნებულების შტატების გაზრდა მე არ გამიკეთებია, მათმა ხელისუფლებამ გააკეთა, რომ წინასაარჩევნო აქტივი ჰქონოდათ. სწორედ მაგათ დროს გაიზარდა რამდენიმე ათასით ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლების რაოდენობა და მათი ძირითადი ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ პარტიული დავალებების შემსრულებლები იყვნენ. ამ შემთხვევაში მსგავს რამეს ადგილი არ აქვს. დღეს 13 ათასამდე მოხელე მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში და ჩვენ მიერ შემოთავაზებული მოდელის მიხედვით [თვითმმართველობის რეფორმა], არათუ უნდა გაიზარდოს, არამედ ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს და პირველ ეტაპზე დაახლოებით 11 ათასამდე შემცირდეს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის თანამშრომელთა რაოდნეობა. მსგავსი რამ, გაზრდა და პარტიული აქტივის დასაქმება, ადგილობრივი თვითმმართველობების სისტემაში ნამდვილად არ იგულისხმება. პირიქით, ჩვენი სისტემა გულისხმობს იმას, რომ იქ დროთა განმავლობაში რეფორმები უნდა ჩატარდეს და კონკურსები გამოცხადდეს, ხოლო თანამდებობები ადამიანებმა კონკურსის წესით დაიკავონ”, – განაცხადა ნარმანიამ ჭიაბერაშვილის დღევანდელი პრესკონფერენციის კომენტირებისას.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნული ინფორმაცია “ახალი თაობა – დემოკრატიული არჩევანის” მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით გაავრცელა.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სურს, გამოეხმაუროს ორგანიზაციის, “ახალი თაობა – დემოკრატიული არჩევანის” მიერ პროექტის -“გენდერული ბალანსი საჯარო სამსახურში” ჩატარებულ კვლევას. საბიუჯეტო სახსრების არარსებობის მიზეზებით მთავრობამ ასეულობით რაიონული თუ ნაციონალური მასშტაბის პროექტი გააჩერა და ამ პროექტებში დასაქმებული უამრავი ადამიანი უმუშევარი დატოვა. იმავდროულად, ორგანიზაციის- “ახალი თაობა – დემოკრატიული არჩევანის” მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტების გამგეობებში, განსაკუთრებით კი მუნიციპალურ შპს-ებსა და სიპ-ებში, ხდება საშტატო ერთეულების დამატება და იქ “ქართული ოცნების” აქტივისტების დასაქმება. კვლევის ფარგლებში გამოყენებულ კითხვარს 18 მუნიციპალიტეტის გამგეობამ უპასუხა. ამ 18-დან საშტატო ერთეულები გაიზარდა 15-ში, ერთში არ შეცვლილა, 2-ში კი შემცირდა. საერთო ჯამში, ამ 18 მუნიციპალიტეტში 766 საშტატო ერთეული დაემატა. კვლევაში მკაფიოდ ჩანს საშტატო ერთულების ხელოვნურად ზრდის ტენდენცია და დიდი ალბათობით იგივე ხდება იმ მუნიციპალიტეტებშიც, რომლებმაც არ გაასაჯაროვეს მსგავსი ინფორმაცია. კვლევის ანალიზით დგინდება, რომ, საერთო ჯამში, წლიურად სახელმწიფო ბიუჯეტს “ქართული ოცნების” აქტივისტების დასაქმება 15 მილიონ ლარზე მეტი უჯდება”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.





