როგორც წულუკიანმა განაცხადა, არსებობენ კომპანიები, რომლებიც მიწებს “თავიანთი კაბინეტებიდან ზომავენ” და ეს უნდა აღიკვეთოს:
“საქართველოში დღეს არ არსებობს ერთიანი საკადასტრო სტანდარტი, ამიტომ ვხვდებით კომპანიებს, რომ პირველი ნაბიჯები გადავდგათ. საბოლოოდ უნდა აღიკვეთოს ერთი მავნე ჩვევა, არის ზოგიერთი კომპანია, რომლებიც ადგილზე საერთოდ არ გადიან და თავისი კაბინეტიდან ზომავენ მიწებს. ეს კერძო საკუთრების ხელყოფას იწვევს, ხოლო ეკონომიკა და ბიზნესი ვერ განვითარდება, თუ საკუთრება არ იქნება დაცული”, – განაცხადა წულუკიანმა.
როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე კერესელიძე აცხადებს, ამ პრობლემის გამო უამრავი სასამართლო დავა წარმოიშვება:
“ერათიანი საკადასტრო სტანდარტების დაწესების შემდეგ შეიქმნება ბაზა, რომელიც იქნება სწორი, უტყუარი და ხელს შეუწყობს იმ დავების შემცირებას, რომელიც დაკავშირებულია არასწორ აზომვასთან, რადგან დღეს ხშირია შემთხვევა, როდესაც საამზომველო კომპანიები არ გადიან ველზე და ხდება გადაფარვა, შემდეგ მოქალაქეებს უწევთ ამ გადაფარვების ჯერ საჯარო რეესტრში, შემდეგ კი სასამართლოში გასაჩივრება და მოგვარება”, – აცხადებს ეკატერინე კერესელიძე.
დღევანდელ შეხვედრას, რომელიც სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” გაიმართა, 70–მდე საამზომველო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.