ახალი ამბები

თეა წულუკიანი: შეწყალების ინსტიტუტი რეფორმას საჭიროებს

5 ნოემბერი, 2013 •
თეა წულუკიანი: შეწყალების ინსტიტუტი  რეფორმას საჭიროებს

წულუკიანის განცხადებით, შეწყალების ინსტიტუტი, ისევე როგორც სასჯელის მოხდის მიმდინარეობა საპატიმროებში, რეფორმირებას საჭიროებს.

 

“მე არ ვარ იმ აზრის, რომ პატიმრები კატეგორიებად უნდა დაიყოს და ზოგიერთის შეწყალება შეეძლოს პრეზიდენტს და ზოგის – არა. პრეზიდენტს ყველანაირი პატიმრის შეწყალება უნდა შეეძლოს, ამაში არ არის პრობლემა. პრობლემა არის იმაში, რომ თვითონ პროცედურა დაიხვეწოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხვდება პრეზიდენტის მაგიდაზე ხელმოსაწერად ესა თუ ის შეწყალების აქტი. აქ არის მთავარი პრობლემა… თუ გადაიხაედება, პროცედურა უნდა გადაიხედოს. [პროცედურა] გამჭვირვალე უნდა იყოს საზოგადოებისთვის და ის კომისია, რომელიც მუშაობს, ახალ პროცედურას უნდა დაექვემდებაროს იმისათვის, რომ პრეზდენტთან მიდიოდეს მხოლოდ იმ პატიმრების საქმეები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ შეწყალებას, ხოლო პრეზიდენტს უნდა შეეძლოს: მოაწეროს ან არ მოაწეროს ხელი. მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენ გვყავს გონიერი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტი და მის პირობებში გამორიცხულია იმგვარი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, როგორც ბაჩო ახალაიას შემთხვევაში ვიხილეთ”, – განაცხადა წულუკიანმა.

 

სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს, შესაბამისი დებულებით გათვალისწინებული წესებისა და მოთხოვნების დაუცველად, შეუძლია შეიწყალოს ნებისმიერ დანაშაულში მსჯავრდებული პიროვნება, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ „შეწყალების გამოყენების წესის თაობაზე“ დებულებით, საქართველოს პრეზიდენტისადმი მინიჭებული  ფართო პრივილეგია შესაძლებელია წინააღმდეგობაში მოდიოდეს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციის პოლიტიკურ–სამართლებრივ ბუნებასთან, განსაკუთრებით კი, მის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციასთან – უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოთა (ამ შემთხვევაში მართლმსაჯულების ორგანოთა) საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობა.

 

“მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის ეს პრივილეგია დაუშვებელია იყოს შეუზღუდავი და არ იყოს მოქცეული კონსტიტუციისა და სამართლებრივი რაციონალიზმის ერთგვარ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, ჰუმანურობის პრინციპზე დაფუძნებული შეწყალების ინსტიტუტი თვითონ გადაიქცეს დისკრიმინაციის, ანტიჰუმანურობისა და სხვა უსამართლობათა ერთ–ერთ ხელშემწყობ პირობად. ამ თვალსაზრისით, მხედველობაშია მისაღები თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განხილული საქმე “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”. დასახელებული გადაწყვეტილების 273–ე პუნქტში პირდაპირ აღნიშნულია, რომ „სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ 2008 წ. 24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ესოდენ შემზარავ დანაშაულში მსჯავრდებული სახელმწიფო მოხელეების შეწყალება და მათთვის სასჯელის დარჩენილი ვადის განახევრება“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც სამართლებრივ რაზიონალიზმზე დაფუძნებულ კონსტიტუციურ–სამართლებრივ ფარგლებში მოაქცევს საქართველოს პრეზიდენტის ამ პრივილეგიას”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი