ახალი ამბები

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შეიცვალა

4 ნოემბერი, 2013 • • 1079
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შეიცვალა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი აცხადებს, რომ საკრებულოს ფრაქციებს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ 20 ნოემბრამდე ქალაქის მერის მოვალეობა კოტე ლომიძის ნაცვლად გიორგი შარაბიძემ შეასრულოს.

 

„ქალაქის მერის მოვალეობას დღეიდან  გიორგი შარაბიძე შეასრულებს. მისივე თანხმობით დაინიშნა შარაბიძე დღეიდან 20 ნოემბრის ჩათვლით. კონსულტაციები მიდიოდა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსში“ , ასევე ჩართული იყო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე და შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე დაინიშნოს ბატონი შარაბიძე.“

 

ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანი 12 სექტემბერს გადადგა. გადადგომამდე კოპალიანი შვებულებით სარგებლობდა და ქალაქის მერის მოვალეობას შემსრულებლად კოტე ლომიძე იყო დანიშნული. კოპალიანის გადადგომის შემდეგ მერის მოვალეობას 1 კვირით ქალაქის კიდევ ერთი ვიცემერი თენგო თოფურიძე ასრულებდა, თუმცა საკრებულოს გადაწყვეტილებით თოფურიძე ისევ ლომიძემ შეცვალა.  

 

თამაზ მარგველაშვილი
თამაზ მარგველაშვილი

ამ პერიოდში ქალაქის საკრებულოში აცხადებდნენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების გამო მერის პოსტზე კონკურსის გამოცხადება კანონით არ იყო დაშვებული. უკვე დღეს საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ კონკურსის ჩატარება- არჩატარების საკითხზე კონსულტაციები გრძელდება:

 

„ჯერ იყო საუბარი, რომ გიორგი შარაბიძე კონკურსის შედეგებამდე დანიშნულიყო მოვალეობის შემსრულებლად, მაგრამ შემდეგ შევთანხმდით, რომ დაგვენიშნა 20 ნოემბრამდე. შეიძლება კონკურსი გამოცხადდეს და ავირჩიოთ მერი. ამაზე კონსულტაციები გრძელდება,“ – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი