ბაგრატიონების შთამომავლის ნათლობას პატრიარქმა ისტორიული აქტი უწოდა

დღეს, 3 ნოემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ბაგრატიონების შთამომავალი, 2 წლის გიორგი ბაგრატიონ–ბაგრატიონი მონათლეს. 

მას 4 ნათლია ჰყავს, რომელთა შორისაა ბიზნესმენი ლევან ვასაძეც. ბავშვის ბაბუის, ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკის განცხადებით, პატარა გიორგი გაერთიანებული საქართველოს ბოლო მეფის, გიორგი მერვეს და ქართლ–კახეთის უკანასკნელი მეფის პირდაპირი შთამომავალია დედის მხრიდან:

 

“დიდი იმედი გვაქვს, რომ მას მომავალში დედის მხრიდან გადაეცემა სამეფო ღირსება”– აცხადებს ანა ბაგრატიონ–გრუზინსკის მამა. 

 

საქართველოს პატრიარქმა, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, ბაგრატიონების შთამომავლის ნათლობას ისტორიული აქტი უწოდა. 

 

” დღეს სვეტიცხოველში შესრულდა ორი ისტორიული აქტი, ეკურთხა მღვდელმთავარი, ყოველი მღვდელმთავრის კურთხევა ეს არის ისტორიული მოვლენა, და დღესვე უფლისწული გიორგი მოინათლა ამ წმინდა ტაძარში, სადაც განსვენებული არიან მისი წინაპრები”,– განაცხადა ილია მეორემ. 

 

ლევან ვასაძის თქმით კი, დღევანდელ დღეს კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას ჩაეყარა საფუძველი. 

 

“ეს არის ისტორიული დღე, ჩვენი გული სავსეა სიხარულით, ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა ზეიმობს ჯერ თავის სახელმწიფოებრიობის აღდგენას, მერე ავტოკეფალიის აღდგენას და ახლა უკვე საფუძველი ჩაეყარა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას, როგორც გვაკურთხა მისმა უწმინდესობამ. ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო აქ დღეს, ვიყო ბატონიშვილი გიორგის ნათლია”– აღიშნა ვასაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის ოქტომბერში საქართველოს პატრიარქი ილია მეორე კონსტიტუციური მონარქიის შემოღების ინიციატივით გამოვიდა


”ეს ნიშნავს იმას, რომ მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს, მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობისა და ყოველი ადამიანის დაცვისა. 1801 წელს შეწყდა სამეფო ბაგრატიონთა და იმის შემდეგ ოცნება იყო ქართველი ხალხისა, რომ აღგვედგინა უძველესი დინასტია. დღეს ისეთი პირობებია, როცა ქართველი ხალხის ეს ოცნება შეიძლება განხორციელდეს,”- განაცხადა პატრიარქმა. 


ილია მეორე და ლევან ვასაძე, მოსკოვი.
ილია მეორე და ლევან ვასაძე, მოსკოვი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი .