ახალი ამბები

შრომითი დავა მეტროში – მემანქანეები გაფიცვით იმუქრებიან

17 აპრილი, 2018 •
შრომითი დავა მეტროში – მემანქანეები გაფიცვით იმუქრებიან

თბილისის მეტროს მემანქანეების ნაწილსა და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა მიმდინარეობს. მემანქანეების ნაწილი გაფიცვით იმუქრება.

მეტროპოლიტენთან შრომით დავას პროფესიული გაერთიანება “ერთობა 2013” აწარმოებს, რომელიც უმეტესად წარმოადგენს მეტროპოლიტენის მემანქანეების ინტერესებს და 250 დასაქმებულს აერთიანებს.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” სამართლებრივ დახმარებას უწევს მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელ პროფკავშირს კოლექტიური შრომითი დავის პროცესში.

თბილისის მეტროში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით „ერთობა 2013“-ის მიერ დაწყებული კოლექტიური დავა 2016 წლის მარტის თვეში დაიწყო, რომლის წარუმატებლად დასრულების შემდეგ პროფესიულმა კავშირმა საგაფიცვო მოქმედება დააანონსა, რაც სასამართლომ 21 დღით გადაავადა. ეს ვადა ერთ კვირაში გადის.

მეტროში დასაქმბული აჩი ლაბაძე აცხადებს, რომ თუ მედიაციის პროცესიც წარმატებით არ დასრულდება, მაშინ ისინი გაიციფებიან. ლაბაძის თქმით, დასაქმებულები ხელფასის 45%–ით ზრდას ითხოვენ.

მემაქანეები ხელფასის მომატებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ 2013 წლიდან მათი ხელფასი არ გადახედილა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში საშუალო ხელფასი ბოლო 5 წელიწადში 30%–ით გაიზარდა, მეტროს მემანქანეთა ხელფასები უცვლელი დარჩა. მიუთითებენ, რომ წლების განმავლობაში მათი ანაზღაურება დაახლოებით 30%-ით მაინც აღემატებოდა საშუალო ხელფასს. 2017 წლის მდგომარეობით კი, სხვაობა მეტროს მემანქანეთა და საშუალო ხელფასის ოდენობას შორის მხოლოდ 13%-ს შეადგენდა.

EMC-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მემანქანეები მიუთითებენ, რომ არსებული ანაზღაურება შეუსაბამოა იმ გარემო პირობებთან, სამუშაო ციკლთან თუ პასუხისმგებლობასთან შედარებით, რომელსაც მეტროს მემანქანეები ყოველდღიურობაში აწყდებიან. ისინი მთელ სამუშაო დღეს მიწის ქვეშ ატარებენ, სადაც მომეტებული ხმაურის, მაღალი ვიბრაციის, ჟანგბადის ნაკლებობის, რადიაციული ფონის პირობებში უწევთ მუდმივ დაძაბულ რეჟიმში მუშაობა და დღეში 400 000 მგზავრის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.

მეტროს მემანქანეებმა მედიატორის დანიშვნის მოთხოვნით შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრს 2 აპრილს მიმართეს, რის შედეგადაც დაიწყო მედიაციის პროცესი.

გაფიცვის გადავადების შემდეგ გამართული მოლაპარაკებისას შედგა შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე, რაც ასევე მოიცავდა ანაზღაურების გადახედვის საკითხს. თუმცა ეს პირობა დღემდე არ არის შესრულებული კომპანიის მხრიდან არაერთი დაპირებისა და შიდა მოლაპარაკების პროცესის მიუხედავად, რამაც მიმდინარე კოლექტიური დავა წარმოშვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი