ახალი ამბები

პარლამენტმა სექსუალურ დანაშულზე კანონის გამკაცრებას მხარი დაუჭირა

1 ნოემბერი, 2013 • • 1082
პარლამენტმა სექსუალურ დანაშულზე კანონის გამკაცრებას მხარი დაუჭირა

წარმოდგენილი კანონპროექტით მკაცრდება სანქციები სექსუალური ხასიათის დანაშაულზე. კანონპროექტში, რომლის ავტორი შს სამინისტროა, მუხლების ფორმულირებები უცვლელი რჩება, თუმცა სასჯელის ზომა იზრდება. 

 

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, „კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს ზედმეტად ლიბერალური მიდგომა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის გათვალისწინებული სანქციების სახესა და ზომასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, წარმოიშვა აუცილებლობა გამკაცრებულიყო თითოეული დანაშაულისთვის გათვალისწინებული სანქცია“.

 

მუხლი 137. გაუპატიურება

 

ცვლილებების მიხედვით, გაუპატიურება ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.

 

იგივე ქმედება ჩადენილი  სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით,  რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, ან სხვა მძიმე შედეგი,  ისჯება თავისუფლების აღკვეთით  ვადით რვიდან ათ წლამდე.

 

იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც ადრე ჰქონდა ჩადენილი 138-ე, 141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, ან დამნაშავესათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ან არასრულწოვანის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან ცამეტ წლამდე.

 

იგივე ქმედება  ჩადენილი  დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა და ეს ქმედება ჩადენილი იქნა იმ პირის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.

 

138-ე მუხლში საუბარია სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედებებზე:

 

ცვლილებების მიხედვით, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება-მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.

 

139-ე მუხლის თანახმად, სასჯელი მკცარდება სქესობრივი კავშირის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულებაზე.

 

ცვლილებების მიხედვით, სქესობრივი კავშირის, მამათმავლობის, ლესბოსელობის, ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტის იძულება სახელგამტეხი ცნობის გახმაურების, ან ქონებრივი დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურეობრივი, ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით ისჯება ჯარიმით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე.

 

ცვლილებები შედის 140-ე მუხლში, რომლის თანახმად მკაცრდება სასჯელი სქესობრივი კავშირისთვის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედებისთვის თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

 

კერძოდ, სრულწლოვანის სექსუალური კავშირი, მამათმავლობა, ლესბოსელობა, სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით  თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულთან ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

 

ხოლო 141-ე მუხლის თანახმად, ძლადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე.

 

კანონი დამტკიცების შემთხვევაში მეთხუთმეტე დღეს ამოქმედდება.

 

„იდენტობის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ვაჭარაძე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ კანონპროექტში სამინისტრო გენდერულად მიკერძოებულ ენას იყენებს. მისივე განამრტებით, როდესაც სქესობრივ დანაშაულზეა საუბარი, ნებისმისმიერი სახის პენეტრაცია, თუ ის დანაშაულებრივია, არ საჭიროებს მორალურ განსჯებსაც:

 

„ეს სიტყვები, რაც კანონის ავტორებმა გამოიყენეს, ნამდვილად არის ჰომოფობიურად მოტივირებული და კანონის მიზნების მიღმა, ჰომოსექსუალობაზე მორალურ მსჯელობასაც მოიცავს. გაუპატიურება, ანალური იქნება ეს თუ ვაგინალური, გოგონასი თუ ბიჭის, არის ერთი და იგივე დანაშაული. რა მნიშვნელობა აქვს მსხვერპლისთვის, ვინ აუპატიურებს? ამიტომ “გარყვნილი” გაუპატიურება და გაურყვნელი გაუპატიურება არ არსებობს სამართლის ენაზე.  ძალადობა არის ძალადობა. რა, კაცის ანუსი უფრო წმინდაა? ჩვენი პოზიციაა, რომ გენდერულად მიუკერძოებელი ენა გამოიყენონ  და ქმედება გარყვნილია თუ გაურყვნელი, ეს მათი საქმე არაა.”

 

შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია განმარტავს, რომ სამინისტროს კანონპროექტის ენასთან დაკავშირებით პოზიცია არ გააჩნია:

 

„ჩვენ სანქციები შევცვალეთ მხოლოდ. სიტყვებზე არ გვიფიქრია. არ გვაქვს პოზიცია, სანქციებზე გვაქვს მხოლოდ პოზიცია,“ – აღნიშნა იზორიამ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი