გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე აცხადებს, რომ “ჯორჯიან მანგანეზის” შემოწმება მოსახლეობისა და ერთ–ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივრების საფუძველზე მოხდა, ასევე, შემოწმებას წინ უძღვოდა გარემოს დაცვის კომიტეტის გასვლითი სხდომა ჭიათურაში:
“ძირითადი საჩივრები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ხდებოდა ნაყოფიერი ნიადაგის ფენების მოხსნა და არ ხდებოდა რეკულტივაციის სამუშაოები, ანუ როდესაც ხდებოდა გამომუშავება, შემდეგ ეს კარიერები რჩებოდა ღია. ჩვენ გავედით შესამოწმებლად. “ჯორჯიან მანგანეზზე” გაცემულია დაახლოებით 16 000 ჰექტრამდე სალიცენზიო ფართობი და ჩვენ შერჩევით შევამოწმეთ ის უბნები, სადაც ყველაზე მეტად იყო მოსახლეობის საჩივარი, შემოწმების შედეგად გამოვლინდა სალიცენზიო პირობების დარღვევის და ასევე სხვა გარემოსდაცვითი კანონდარღვევის ფაქტები. ძირითადად კანონდარღვევები იყო სწორედ ნიადაგის ნაყოფიერ ფენასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევადგინეთ ოქმი და ასევე გავთვალეთ გარემოსთვის მიყენებული ზიანი, რომელიც დაახლოებით 2 მილიონია. ეს მასალები გადაიგზავნა შესაბამის სასამართლოში და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში”, – აცხადებს ნელი კორკოტაძე.
მისივე თქმით, კომპანიამ გარემოს დაცვის სამინისტროში რეკულტივაციის პროექტები წარადგინა, თუმცა პროექტებში სერიოზული ხარვეზები აღმოჩნდა:
“რეკულტივაციის პროექტები მათ გარემოს დაცვის სამინისტროში წარმოადგინეს მაისის თვეში, მაგრამ სამინისტრომ უკან დაუბრუნა, ვინაიდან იქ იყო საკმაოდ სერიოზული შენიშვნები და ახლა კომპანიამ უნდა გადაამუშაოს და შენიშვნების გათვალისწინებით წარმოადგინოს ახალი რეკულტივაციის პროექტები”, – აცხადებს კორკოტაძე.
მისივე განმარტებით, გამოძიების დასრულების შემდეგ დადგინდება, თუ რა რაოდენობის ჯარიმა დაეკისრება კომპანიას გარემოსდაცვითი კანონდარღვევის ფაქტების გამო. რაც შეეხება სალიცენზიო პირობების დარღვევას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ამ შემთხვევაში 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
შპს “ჯორჯიან მანგანეზი”, რომელიც საქართველოში სამ უმსხვილეს საწარმოს – “ზესტაფონის ფეროშენადნდობთა ქარხანას”, “ჭიათურმანგანუმსა” და “ვარციხე ჰესების კასკადს” ფლობს, 2013 წლის 21 მარტს გაიყიდა. კომპანიის ახალი მფლობელი შპს “ჯორჯიან ამერიქენ ელოიზია“.






