ახალი ამბები

პრემიერი: საქართველოსა და ისრაელის ერთობლივი ეკონომიკური კომისია შეიქმნება

31 ოქტომბერი, 2013 • • 1109
პრემიერი: საქართველოსა და ისრაელის ერთობლივი ეკონომიკური კომისია შეიქმნება

 

 “დღეს, ჩვენს ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ის, რაც არაერთხელ მითქვამს – მე განსაკუთრებულად დიდ პატივს ვცემ ებრაელ ხალხს, გამორჩეულად ვაფასებ მათ ნიჭიერებას და კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პატივისცემას ამ დიდი ჯილდოს მატარებელ ერს. მინდა დავუდასტურო  ებრაელ ხალხს პატივისცემა იმის გამოც, რომ მათ შესანიშნავად იციან, როგორ მისცენ თავის ნიჭს სწორი, ზუსტი მიმართულება. ამ ხალხს აქვს საოცარი უნარი იმისა, რომ იშრომოს თავდაუზოგავად და მიაღწიოს დიდ წარმატებებს.

 

დღევანდელ ჩემს გამოსვლაში, პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა ქართველი და ებრაელი ხალხების მეგობრობას, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ. არ შემიძლია არ შევეხო ქართველებისა და ებრაელების თანაცხოვრებას აქ, საქართველოში. ჩვენი ოცდაექვსსაუკუნოვანი ურთიერთობა, ჩვენი განსაკუთრებული მეგობრობა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სამაგალითოა მთელი ცივილიზებული მსოფლიოსათვის.

 

 

სწორედ ამ დიდი მეგობრობის ნიშნად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 2014 წელი გამოვაცხადოთ ქართველი და ებრაელი ხალხების ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო წლად, რომლის ფარგლებშიც საქართველოში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები.

 

ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, ამ ერთი წლის განმავლობაში პრიორიტეტული იყო საქართველოსა და ისრაელს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება. ვფიქრობ, ამ ხნის განმავლობაში თვისებრივად ახალი ეტაპი დაიწყო ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში. მიმდინარე წლის ივნისში, ისრაელში ჩემი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ახლა აქტიურად ვმუშაობთ მათ განსახორციელებლად”, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გადაწყდა ერთობლივი ეკონომიკური კომისიის შექმნა, რომლის პირველი სხდომის გამართვა 2014 წლის იანვარში იგეგმება.

 

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ბიზნესისათვის მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად. ამ კომისიის ფორმატი შექმნის იმის შესაძლებლობას, რომ სწრაფად და ეფექტიანად გადაწყდეს ის  საკითხები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დღის წესრიგში დგას.

 

ჩვენ გვინდა გავააქტიუროთ მოლაპარაკებები საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების თაობაზე, რაც გახდება ეკონომიკური აქტივობის, ვაჭრობისა და ორმხრივი ინვესტიციების გაზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი. შესაძლებელია, სწორედ ერთობლივი ეკონომიკური კომისია გახდეს ის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც დავიწყებთ ლაპარაკს ამ მიმართულებითაც.

 მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნებისა და ჩვენი ხალხების ურთიერთობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება ისრაელთან უვიზო მიმოსვლის შემოღება. ქართველი და ებრაელი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობიდან გამომდინარე, ეს სავსებით ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება. ჩვენ ამ მიმართულებითაც აქტიურად ვთანამშრომლობთ და ვფიქრობ, ახლო მომავალში ამ მიზნის მიღწევაც შესაძლებელი გახდება. დარწმუნებული ვარ, უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს იმას, რომ კიდევ უფრო მეტად  გაიზარდოს და განვითარდეს ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობები, ტურიზმი, ვაჭრობა და ორმხრივი ინვესტიციების შესაძლებლობები.

 

ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების ინტერესებს ემსახურება, აგრეთვე, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში ურთიერთობების განვითარება, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

 

ამდენად, თვალშისაცემი პროგრესი, რომელსაც ამ ერთ წელიწადში ჩვენს ურთიერთობაში მივაღწიეთ,  საშუალებას გვაძლევს თამამად ვთქვათ, რომ მომავალ წლებში ჩვენი სახელმწიფოების ორმხრივი ურთიერთობა ისეთივე სამაგალითო გახდება, როგორი სამაგალითოც არის ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული ურთიერთობა”, – განაცხადა პრემიერმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი