ახალი ამბები

პრემიერის ცნობით, ისრაელსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდება

31 ოქტომბერი, 2013 •
პრემიერის ცნობით, ისრაელსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდება

“მხოლოდ ტექნიკური დეტალებიღა რჩება მოსაგვარებელი”, – აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.

 

სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” ამ დროისთვის ისრაელის დიპლომატიური უწყებების რეგიონალური ამბასადორიალი მიმდინარეობს, რომელსაც დღეს ივანიშვილიც დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა:

 

“მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნებისა და ჩვენი ხალხების ურთიერთობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება ისრაელთან უვიზო მიმოსვლის შემოღება. ქართველი და ებრაელი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობიდან გამომდინარე, ეს სავსებით ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება. ჩვენ ამ მიმართულებითაც აქტიურად ვთანამშრომლობთ და ვფიქრობ, ახლო მომავალში ამ მიზნის მიღწევაც შესაძლებელი გახდება. დარწმუნებული ვარ, უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს იმას, რომ კიდევ უფრო მეტად  გაიზარდოს და განვითარდეს ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობები, ტურიზმი, ვაჭრობა და ორმხრივი ინვესტიციების შესაძლებლობები”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას.

 

საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმის შესახებ ისაუბრეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზეევ ელკინმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა, ორ ქვეყანას შორის ვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა დ აღნიშნა, რომ ეს უდიდესი ნდობის გამოცხადბებაა. უწყება ასევე ავრცელებს ფუქსის და ზეევ ელკინის კომენტარებს:

 

” მე ჩამოვიტანე ისრაელის მხარის შემოთავაზება ამ შეთანხმების ფორმის შესახებ. მე აღფრთოვანებული ვარ  საქართველოს მხარის ბიუროკრატიის დაძლევის უნარით, ჩვენ ასე არ გამოგვდის.  მე უკვე მივიღე საპასუხო რეაქცია შეხვედრის დროს  და ვფიქრობ, რომ ძალიან მოკლე ვადებში შევძლებთ დავასრულოთ ყველა აუცილებელი ფორმალობა  და შესაბამის შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ. ეს ბუნებრივია ჩვენი ერებისთვის, მათ დიდი ხანია მჭიდრო კავშირები აქვთ და ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, შესაძლებლობას მივცემთ  ადამიანებს თავისუფლად იურთიერთონ, ერთად ბიზნესი გააკეთონ, ჩამოვიდნენ და გაიცნონ  ერთმანეთი და მათი ქვეყნები. ძალიან მოხარული ვარ, რომ შევძელი ჩემი წვლილი შემეტანა ამ პროცესში.“– განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

 

შსს–ს მიერ გავრცელებული კომენტარის მიხედვით, იუვალ ფუქსის თქმით, ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ, აქ ისე გრძნობს თავს, როგორც საკუთარ სახლში:



“ეს პირადი მოტივებით კი არა, არამედ ურთიერთთანამშრომლობითაა განპირობებული, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებობს. ჩვენ ვთანამშრომლობთ სამართლებრივ სფეროში, მათ შორის  ვთანამშრომლობთ კონტრტერირიზმის მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის, არამედ სხვა სახელმწიფოებისთვისაც. ვერც ერთი ქვეყანა ვერ იმუშავებს ამ სფეროში მარტო. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სტრატეგიული პარტნიორობას გულისხმობს. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ მეგობრობა, არამედ გავხდეთ ერთმანეთის პარტნიორები. ეს ნაბიჯი არ არის სიმბოლური, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.“

 

ისრაელელი დიპლომატი საქართველოს გუშინ, 30 ოქტომბერს ეწვია. იგი დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესაც შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი