ახალი ამბები

კალაძე: პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება არ არსებობს

15 აპრილი, 2018 •
კალაძე: პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება არ არსებობს

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება არ არსებობს – ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, არანაირი უმრავლესობის დაშლის საფრთხეც არ არსებობს, არავის გარიცხვაზე არ არის საუბარი, არანაირი პრობლემა არ არსებობს უმრავლესობაში. ის, რომ იყო აზრთა სხვადასხვაობა, ნორმალური პროცესია, ის, რომ იყო მსჯელობა, ნორმალური პროცესია, ყველაფერი დალაგდება,”- განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქმე ეხება რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმიწერას, სადაც, სავარაუდოდ, გიორგი კვირიკაშვილი უმრავლესობაში მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს ეუბნება, რომ არაერთი შეცდომა იყო დაშვებული და კობახიძემ მისი არცერთი მოსაზრება არ გაითვალისწინა:

“საკითხების მომზადებაში, პროცესის შიდა გამჭვირვალეობაში და დეპუტატებთან კომუნიკაციაშიც დაშვებული იქნა არაერთი შეცდომა, რაშიც არცერთი ჩემი მოსაზრება არ იქნა გაზიარებული შენს მიერ, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. იმედი მაქვს, რომ ამ პროცესებს მოვაწესრიგებთ და ისეთი დონის დეტალიზაციას და ნორმატივიზაციას მოვახდენთ, რომ მომავალში გაუგებრობები აღარ იქნება. მადლობა ყურადღებისთვის” – რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერების მიხედვით, ეს არის წერილის ფრაგმენტი, რომლითაც, სავარაუდოდ, კვირიკაშვილმა კობახიძეს უმრავლესობის საერთო “ჩატში” მიმართა.

“რუსთავი 2-ის” ცნობითვე, ამ განცხადების საერთო “ჩატში” ჩაგდებას კობახიძის უკმაყოფილება მოჰყვა და ამასთან დაკავშირებით პრემიერის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, მაკო ბიგვავას უპასუხა:

“მაკო, ძალიან ცუდია, როცა პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალურ მესიჯს წერს არა პირადად, არამედ საერთო ჩათში. კარგი იქნებოდა, ჩათში ჩაგდებამდე საქმის კურსში ჩაგეყენებინე. ასეთ შემთხვევაში, ამ უხერხულობას, დარწმუნებული ვარ, ავიცილებდით თავიდან,”- რუსთავი 2-ის ცნობით, სავარაუდოდ ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ პრემიერს.

“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირების არსებობის შესახებ აქტიური საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩევა დაასახელა. 9 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძის განცხადება გააკრიტიკა პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა. ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ კობახიძის რიტორიკა მიუღებელია და მან თავის თავზე უნდა იმუშაოს, დავით ჭიჭინაძემ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება არ გამორიცხა, ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლა “ნურავის ეჩქარება”.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 10 აპრილს განაცხადა, რომ ამ დეპუტატებს, ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, უმრავლესობის ფორმატში დაელაპარაკებიან და სხვა ღონისძიებებზე შემდეგ იმსჯელებენ.

11 აპრილს ნუკრი ქანთარიამ კი განაცხადა, რომ არსებობს უმრავლესობიდან გასარიცხი დეპუტატების სია, რომელშიც, სავარაუდოდ, შედიან: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზაზა პაპუაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი და ნუკრი ქანთარია.

გედევან ფოფხაძემ 13 აპრილს განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდიდან წასვლა-არწასვლის შესახებ უმრავლესობის სხდომის გამართვის შემდეგ მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი