ახალი ამბები

განრიდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბრალდებული მაღალჩინოსნებისთვის

31 ოქტომბერი, 2013 • • 1226
განრიდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბრალდებული მაღალჩინოსნებისთვის

ბრალდების განრიდება, საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, შეეხოთ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი ლოლაძეს, მის მოადგილეს ბესიკ მარტიაშვილს, ზედამხედველობის სამსახურის უფროსს თენგიზ ივანელაშვილსა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს დავით ხატიაშვილს. 

 

აღნიშნული პირების გარდა, საგარეჯოს რაიონული მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხების დიდი ოდენობით მითვისებისა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულები იყვნენ საკრებულოს მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ ჯინჯიხაძე, შპს „არსაკიძის“ დირექტორი რევაზ ბაჩოშვილი, შპს „ პალაცოს“ დირექტორი ზაზა მაისურაძე და შპს „მშენებელი 2013“-ის დირექტორი გიორგი ადუაშვილი. საქალაქო სასამართლოს ცნობით, მათ მიმართ საქმე საპროცესო გარიგებით 15 ოქტომბერს დასრულდა.

 

აღნიშნული საქმე შეეხებოდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ 300 000 ლარს საბავშვო ბაღებისა და საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოების დაფინანსების მიზნით.

 

ოფიციალური ინფორმაციით, “2012 წლის 19 დეკემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო საკითხთა მთავარი სპეციალისტის თეიმურაზ ჯინჯიხაძის ორგანიზებით, მასთან დაახლოებული პირების სახელზე დაფუძნებული იქნა შპს „არსაკიძე“, შპს „მშენებელი 2013“ და შპს „პალაცო“, რომლებთანაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ, გამარტივებული შესყიდვის წესით,  გაფორმებული იქნა 3 ხელშეკრულება 300 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე. აღნიშნული კომპანიების მიერ, ჯინჯიხაძისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელ პირთა ზედამხედველობით, ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისას ხელოვნურად იქნა გაზრდილი სამუშაოების  მოცულობა და ღირებულება, რის საფუძველზეც დაკავებულების მიერ მითვისებულ იქნა თანხა 80 000 ლარი.”

 

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 332-ე მუხლებით დაიწყო, რაც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა თინა ხიდაშელმა მაშინ განაცხადა, რომ  ის აღნიშნულ პროექტზე სრულ პასუხისმგებლობას იღებდა და დაკავებულებს თავდებში უდგებოდა.

 

„მე ვუდგები, ბუნებრივია, თავდებში ამ ადამიანებს, რომ მოხდეს მათი გათავისუფლება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, გამოძიება დასრულდება პოზიტიურად და არაფერი არ დადასტურდება იმ ბრალდებებიდან, რაც დღეს წაყენებული აქვთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არსებობს რაიმე კითხვები ამ კონკრეტულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, მეც უნდა დამკითხონ, ზუსტად ისე, როგორც დაიკითხენ ეს ადამიანები. იმიტომ, რომ საქმის კურსში ვიყავი და თავად ვიყავი ჩრთული და მონაწილე იმაში, რომ ყველა პრობლემა მოგვარებოდა იმ ოჯახების, რომლებსაც კონკრეტულად შეეხოთ ეს დახმარება, რაც მათ მიიღეს მთვრობისგან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი