„კავკასიის წამების საწინააღმდეგო ქსელი: მულტირეაბილიტაციური მომსახურება წამების მსხვერპლთათვის და დაუსჯელობასთან ბრძოლა“ სამწლიანი პროექტია, რომელიც ევროკომისიამ 1,250 000 ევროთი დააფინანსა.
წამების საწინააღმდეგო ქსელის შექმნა წამების მსხვერპლებისთვის მულტიდისციპლინური რეაბილიტაციის მომსახურების განვითარებას, დაუსჯელობასთან ბრძოლას, წამების პრევენციას, ადოკატირებას, ტრენინგების დაგეგმვას, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას გულისხმობს.

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონცერენციაზე „ემპათიის“ რეზიდენტმა მარიამ ჯიშკარიანმა განმარტა, რომ მულტიდისციპლინური მიდგომა ადამიანის რეაბილიტაციის პროცესში სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობას გულისხმობს.
კონკრეტულ შემთხვევებს ერთი მენეჯერი მართავს, მაგრამ ჩართულია ბევრი სპეციალისტი,“- უთხრა „ნეტგაზეთს“ მარიამ ჯიშკარიანმა და დაამატა, რომ პროექტში ჩართული იქნებიან ექიმი-თერაპევტი, ექიმი-ფსიქიატრი, ექიმი-ნევროლოგი, სოციალური მუშაკი, იურისტი.
პროექტის ბენეფიციარები, ჯიშკარიანის თქმით, ძირითადად ომისა და ეთნოწმენდის მსხვერპლები, მოსახლეობა კონფლიქტური რეგიონებიდან, ტყვეობაში მყოფი პირები და წამების გამოცდილების მქონე მსჯავდებულები ან გათავისუფლებული პირები იქნებიან.
ცენტრი „ემპათია“ წამების საწინააღმდეგო სხვადასხვა პროექტს 15 წელია ახორციელებს. ჯიშკარიანი ვერ ამბობს, თუ რამდენ ადამიანს დაეხმარება ცენტრი აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თუმცა წინა გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ „ემპათია“ წელიწადში 500 ადამიანს უწევს დახმარებას.
პროექტი ტერიტორიულად საქართველოს (მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებს), აზერბაიჯანს, სომხეთსა და ჩეჩნეთს მოიცავს.
პროექტს 38 ადამიანი გაუძღვება და მასში 150 სპეციალისტი იქნება ჩართული. პროექტის პარტნიორები საქართველოს სასჯელარსრულებისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო, საქართველოს სახალხო დამცველი არიან.
პრეზენტაციას ესწრებოდა სოზარ სუბარი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი, რომლის თქმით, დღეს წამება ციხეებში აღარ ხდება, მაგრამ ამით პრობლემა არ მოგვარებულა.
სუბარის თქმით, ერთია პოლიტიკური ნება და მეორეა მისი იმპლემენტაცია. მინისტრის განმარტებით, სასჯელაღსრულების სისტემაში ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობაა, რადგან არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.
„წამება აღარ არის ციხეებში, მაგრამ ეს არის აისბერგის წვერი. არის უამრავი სამუშაო, რომელიც უნდა განხორციელდეს სამომავლოდ,“- თქვა სოზარ სუბარმა.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წევრის, ბორის იაროჩევიჩის თქმით, კავკასიის რეგიონში წამების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზირისთ მძიმე ვითარებაა და ამგვარი პროექტის გახორციელებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
“მივმართავ „ემპათიას“ და ყველა მის პარტნიორს, გააორმაგოს ძალისხმევა, რომ აღმოიფხვრას წამების ფაქტები,“- განაცხადა იაროჩევიჩმა.
ბესიკ ბოხაშვილმა, ადამიანის უფლებათა კომისარმა სამხრეთ კავკასიაში აღნიშნა, რომ წამების გამოვლენილი ფაქტების წინააღმდეგ საზოგადოება ირაზმება არაადამიანური მოპყრობის პრევენციის მიზნით, მაგრამ ჩრდილში რჩება ხოლმე ის ადამიანები, რომლებიც წამების მსხვერპლი არიან.
ბოხაშვილის თქმით, წამების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა მოიცავდეს სამართლებრივ, ფინანსურ, ფსიქოლოგიურ დახმარების აღმოჩენას.








