ახალი ამბები

შსს-ს ინფორმაციით, ვაკეში ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

14 აპრილი, 2018 • 2519
შსს-ს ინფორმაციით, ვაკეში ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 13 აპრილს ვაკეში ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. განცხადება ამის შესახებ სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილიმა გააკეთა.

“ბრალდებული გახლავთ 1972 წელს დაბადებული ვ.ბ, რომელიც მოკლულის დედის ყოფილი მეუღლეა. აღსანიშნავია, რომ ვ.ბ. ოჯახში ძალადობისთვის დამნაშვედ იყო ცნობილი  2015 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით.

კერძოდ, მან ოჯახის წევრის, მოკლულის დედის მიმართ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება განახორციელა, რისთვისაც 2015 წელს ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა პრეზიდენტის შეწყალების აქტით მსჯავრდებულს სასჯელი გაუნახევრდა და მან საპატიმროს დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა” – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საგანგებო ბრიფინგზე.

უწყებისვე ცნობით, მოკლულმა 25 წლის ქალმა და დედამისმა მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე დასახმარებლად პოლიციის განყოფილებას მიმართეს.

უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.

თ.გ-მ პირადი საქმეების გამო პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა.” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, რომელიც 13 აპრილს გავრცელდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა, ხოლო შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი