ახალი ამბები

პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნებას თხოვენ

31 ოქტომბერი, 2013 •
პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნებას თხოვენ

კონსტიტუციური კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციიდან 481 მუხლის ამოღებას, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელსა და საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელის დროებითი შეცვლის პირობებს. კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის პარლამენტი თბილისში უნდა იყოს:

 

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული არ უნდა იყოს, სად არის პარლამენტის ადგილმდებარეობა, არამედ ეს უნდა განსაზღვროს რეგლამენტმა. ამიტომ, ვიღებთ კონსტიტუციის იმ ნორმას, რომლის შესაბამისადაც პარლამენტის ადგილსამყოფელი და საქმიანობის ადგილი არის მხოლოდ ქალაქი ქუთაისი. ამის ახსნას აღარ შევუდგები, თუ რატომ არის ასე. ასე არის აუცილებელი სახელმწიფო ხელისუფლების ნორმალური ფუნქციობისთვის, პარლამენტს მუდმივი ურთიერთობა სჭირდება, ერთი მხრივ, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მეორე მხრივ- საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მათი ადგილსამყოფელი კი არის დედაქალაქი.”

 

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები კონსტიტუციაში შესატან მეორე ცვლილებაზეც იმსჯელებენ, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების კვორუმს ეხება. კერძოდ, მოქმედი ნორმით საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმათა 2/3, ხოლო ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმათა 3/4 დასჭირდება.

 

განხილვის პარალელურად კომიტეტის ოთახთან პარლამენტის აპარატის თანამშრომლები არიან შეკრებილი. როგორც ისინი აცხადებენ, ქუთაისში სამუშაო პირობები არ აქვთ და დეპუტატებს პარლამენტის თბილისში გადატანას სთხოვენ:

 

“ჩვენი თხოვნაა, რომ პარლამენტი გადავიდეს. ჩვენი პირველი პრობლემა არის სამუშაო პრობლემა, სიბნელეში, ხელოვნური განათებით გვიწევს მუშაობა, უჰაერობაში. ჩვენს დეპარტამენტში 36 ადამიანი ვმუშაობთ. ზამთარ-ზაფხულ ხელოვნური ჰაერით ვსუნთქავთ, იმიტომ, რომ პარლამენტი არის კონდეცირების სისტემაზე, სხვანაირად აქ ჰაერი არ შემოდის, ფანჯარა არ იღება. სასურველია, რომ გადავიდეთ, ოჯახები არის გახლეჩილი. წარმოიდგინეთ, პარასკევს მივდივართ სახლებში, 2 დღეს ვატარებთ ოჯახთან ერთად და ორშაბათს მოვდივართ. ჩვენი თხოვნაა, რომ პარლამენტი გადავიდეს,”- ამბობს საორგანიზაციო დეპარტამენტის თანამშრომელი ია მირიჯანაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი