ახალი ამბები

პროკურორი: საკმარისზე მეტი მტკიცებულება იყო, რომ ახალაიას გამამართლებელი განაჩენი არ დამდგარიყო

31 ოქტომბერი, 2013 • • 3288
პროკურორი: საკმარისზე მეტი მტკიცებულება იყო, რომ ახალაიას გამამართლებელი განაჩენი არ დამდგარიყო

“რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, სანამ არ ვნახავთ სასამართლოს განაჩენს, კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. უნდა ვნახო, რამდენად არის დასაბუთებული განაჩენი და არ გამოვრიცხავ მის სააპელაციო სასამართლოში განხილვას. მე, როგორც სახელწმიფო ბრალმდებელს ამ საქმეში, მიმაჩნია, რომ იყო საკმარისზე მეტი მტკიცებულება იმისთვის, რომ გამამართლებელი განაჩენი არ დამდგარიყო”, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

 

დავით მესტვირიშვილი
დავით მესტვირიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ოვაციებითა და ტაშით შეხვდნენ სხდომის დარბაზში შეკრებილები – ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრები და ახლოებლები.

 

ახალაიას მამის, როლანდ ახალაიას თქმით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც ამ ეტაპზე ერთადერთი გამამატყუნებელი განაჩენი გამოიტანა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ (ე.წ. ციხი ბუნტის საქმეზე), პასუხს აგებს:

 

“მინდა მივულოცო მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს ქურდულ სამყაროსთან გაერთიანება… მოვა დრო, ის პასუხს აგებს იმ დანაშაულისათვის, რაც მან ჩაიდინა”, – განაცხადა როლანდ ახალაიამ.

 

7 სპეცრაზმელის საქმეში ახალაიას წამების ორგანიზებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის ედებოდა ბრალი, რაშიც ის სასამართლომ დამნაშავედ არ ცნო.

 

ახალაიას გარდა, ამ საქმეზე ბრალდებული იყო კიდევ 7 ადამიანი: შსს-ს სპეციალური ოპერატიული ცენტრის ყოფილი უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე, შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის საკონტრაქტო თანამშრომელი დავით ჩუბინიძე, შსს–ს პირველი სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ვეკუა, თავდაცვის სამინისტროს სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები – დავით გიორგაშვილი, ალექსი დავითაშვილი, ვლადიმერ ზანგიევი და რობერტ სუთიძე. სასამართლომ დღეს ყველა მათგანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

 

ადვოკატ გიორგი ონიანის თქმით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ ადამიანების ოჯახებს, ვინც უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდნენ 7 თვის განმავლობაში, ბოდიში უნდა მოუხადოს.

 

 

“რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილებას, მოსალოდნელი იყო, რადგან დავით მგელიაშვილი არის სუფთა წარსულის ადამიანი, ის არ მუშაობდა შევარდნაძის დროს ამ სისტემაში, ამიტომ მასზე ზეწოლა ვერ მოახდინეს. მოსამართლემ გამოიტანა სწორი გადაწყვეტილება და უნდა გაგრძელდეს ის პრაქტიკა, როცა მოსამართლეებზე არ ჭრის ზეწოლა”, – განაცხადა ონიანმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი