კანონპროექტის მიხედვით, კოდექსს უნდა დაემატოს 181!–ე მუხლი, რომლის მიხედვითაც- ქუჩებში, ეზოებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კინო/თეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, კაფეებში, რესტორნებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტო და რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე–ღამის ვადით.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ეს მუხლი არ ვრცელდება ნასამართლოების მქონე ან ნარკოტიკების მოხმარებისთვის სახდელდადებულ პირზე, რომელიც ცივი იარაღის ტარებისთვის პასუხს აგებს სისხლის სამართლის კოდექსის 238–ე მუხლის შესაბამისად.
შსს–ს მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება შედეგად იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას, ან ქმნის ამგვარ აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვცელდება იმ პირებზე, რომლებიც ცივ იარაღს ატარებენ: პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით, საკვების მომზადების ან მიღების მიზნით, პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით, ნადირობის, თევზაობის ან მცენარეული პროდუქტის შემოგროვებულობის მიზნით, სასოფლო–სამეურნეო, ან მესაქონლეობის მიზნით, ნაციონალური სამოსელის ტარების დროს, როდესაც ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი) სამოსის ნაწილია.
კანონპროექტების ავტორები განმარტებით ბარათში წერენ, რომ ცვლილების მიზანი ცივი იარაღის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულის პრევენცია და თავიდან აცილებაა.
ამ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობით, ცივი იარაღის ტარების საკითხს სისხლის სამართლის კოდექსის 238–ე მუხლი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, 21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება ისჯება ჯარიმით. ხოლო იგივე იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) იმის მიერ, ვინც ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. პარლამენტში ინიცირებული საკონმდებლო ცვლილების მიხედვით კი, დაჯარიმებას შესაძლოა დაექვემდებარონ არა მხოლოდ 21 წლის ასაკს მიუღწეველი, არამედ 21 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანები.