ვაკეში მოკლულმა 25 წლის ქალმა და დედამისმა მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე დასახმარებლად პოლიციის განყოფილებას მიმართეს. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.
თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა.” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა, ხოლო შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
შსს-ს განცხადებით, 13 აპრილს ვაკეში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება.