ქვეყანამ გასულ კვირას რიგით მეოთხე პრეზიდენტი აირჩია. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი არჩევნები, რაც აქამდე ამომრჩეველს უნახავს. ამ არჩევნებზე უფრო აქტუალური ბიძინა ივანიშვილის “ჩრდილში გადასვლის” მოლოდინია. პრემიერ-მინისტრი თავის შემცვლელს შაბათს დაასახელებს, რამდენიმე კვირის შემდეგ კი თვითონ პოლიტიკიდან წავა.
ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ყოფილი წევრი და ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” წარმომადგენელი, ბიძინა ივანიშვილის “ჩრდილში გადასვლას” ქვეყნისთვის გამოწვევად მიიჩნევს.
“პრემიერის წასვლასთან დაკავშირებით რა არის ნეგატიურიო, თქვენ მკითხეთ. პირველ რიგში, ეს არის გაურკვევლობა, თუ რა ფორმით აპირებს დარჩენას. ის აცხადებს, რომ კი არ მიდის, არამედ მოდის”, – გვითხრა ელენე ხოშტარიამ. მას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის ორი წლის შეფასება ვთხოვეთ.
პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ქვეყნის დღევანდელმა პრემიერმა 2011 წლის 7 ოქტომბერს ამცნო საზოგადოებას. მისი ღია წერილი მოულოდნელი იყო მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის.
ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ამჯერად მის წასვლას აფასებენ ცალსახად კრიტიკულად. მათ ამის საფუძველიც აქვთ – ბიძინა ივანიშვილმა შეაჩერა საზოგადოების კატეგორიული მოთხოვნა სამართლიანობის დაუყოვნებლივ აღდგენაზე. არჩევნების შემდეგ ხალხი სააკაშვილის მთავრობის წევრების დასჯას ითხოვდა. რადიკალურად განწყობილი ჯგუფები დღემდე ამას მოითხოვენ.
“მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელისუფლება განიცდის ზეწოლას სამართლიანობის სწრაფად აღდგენის თვალსაზრისით, პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ ცივილურად. კერძოდ, შესაბამისი ინსტიტუტების – სასამართლოს, პროკურატურის ჩართვით, ანუ მტკიცებულების სასამართლოს მიერ დადასტურება არის ვინმეს მიერ დანაშაულის დამტკიცების მექანიზმი. ეს არის სამართლებრივი მექანიზმების პოლიტიკაში შემოტანის სრულიად ახალი პრეცედენტი და იწვევს ვიღაცების გულისწყრომას”, – ასე აღწერს სიტუაციას სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.
ივანიშვილი და საგარეო პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში გამოჩენისთანავე მიხეილ სააკაშვილმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ” “პუტინის კაცი” უწოდა. რამდენიმე თვის წინ ბათუმში, ამერიკულ გემზე პრეზიდენტმა ლამის რუსეთის აგენტი უწოდა პრემიერს ამერიკელი დიპლომატების თანდასწრებით. ამ ფონზე კი, ივანიშვილის მმართველობის დროს, საქართველომ მიაღწია იმას, რაზეც წინა ხელისუფლება ბევრს მუშაობდა და “ოცნებობდა” კიდეც:
ვილნიუსში 28-29 ოქტომბერს გაიმართება სამიტი, სადაც საქართველო ელოდება ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას. თავად ხელშეკრულებას ხელი შემდეგი ერთი წლის განმავლობაში მოეწერება. მისი რატიფიცირება კი იმაზე იქნება დამოკიდებული, ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს ჩრდილი მიადგება თუ არა.
სიმართლეა ის, რომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე გავლენა მოახდინა საერთაშორისო ფაქტორებმა, რასაც საქართველო ვერ განსაზღვრავს. თუმცა ამას ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებმაც შეუწყო ხელი: არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემო, მედიის თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესება, სასამართლო რეფორმა – ეს არის ის ჩამონათვალი, რა კუთხითაც ევროპელი დიპლომატებისა და პოლიტიკოსების აზრით, მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა.
ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოში უწოდებენ გზას ევროპისკენ და არც ის არის გამორიცხული, რომ ამ გზამ რუსეთი გააღიზიანოს.
ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეცვლილი რიტორიკის ეფექტურობას სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარi კახა გოგოლაშვილი ერთი მიმართულებით ხედავს:
“რუსეთი, როგორც ამას თავად აცხადებს, აღარ ცდილობს ქვეყნების გადაბირებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაში მხარდასაჭერად, ყოველ შემთხვევაში, ამაზე აღარ ხარჯავენ ფულს… ფაქტია, რომ დღეს არაღიარების პოლიტიკა გამარჯვებულია – კარგა ხანია არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თუმცა არ არის არანაირი წინსვლა საოკუპაციო და სხვა მიმართულებით”.
ამის მიუხედავად, საერთაშორისო მედიაში ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ საქართველოს პოლიტიკური მიმართულება ჯერ კიდევ ბუნდოვანია.
ეკონომიკიდან ქსენოფობიამდე
ერთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემისას ამომრჩევლები ფიქრობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი შეძლებდა ქვეყანაში სიღარიბის დაძლევას.
“არ იცის პოლიტიკა, მაგრამ კარგად იცის ეკონომიკა”, – ასეთ ვარაუდს ხშირად მოისმენდით.
თუმცა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა: წელს, მეორე კვარტალში ქვეყნის მშპ-ის ზრდა 1.5 პროცენტამდე დაეცა. 2012 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 8.2 პროცენტი იყო. ამერიკული გამოცემა “ბლუმბერგის” ცნობით, “პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელთა პროცენტული მაჩვენებელი 2007-2012 წლებში 5.1-ს შეადგენდა, 2012 წელს სამჯერ შემცირდა”.
ივანიშვილი და მისი მინისტრები ჯიუტად იმეორებენ, რომ ეკონომიკაში საგანგაშო არაფერი ხდება. ეს გუნდი წინა ხელისუფლების დროინდელ მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებელს იმით ხსნის, რომ წინა წლებში ძირითადი ინვესტორი თავად სახელმწიფო იყო.
ამ ფონზე ადამიანები საქართველოში კვლავაც ვერ ახერხებენ დასაქმებას.
ზაალ ანდრონიკაშვილი, რომელიც გერმანიიდან აკვირდება საქართველოს განვითარების დინამიკას, ფიქრობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება სხვა გამოწვევის წინაშე დააყენებს ივანიშვილის წასვლით დასუსტებულ ხელისუფლებას.
“საფრთხე, რომ საქართველო გაერთიანდეს ევრაზიულ კავშირში, ჩემი აზრით, ნაკლებია, მაგრამ იმის საფრთხე, რომ საქართველოში შეიძლება აგორდეს ქსენოფობიის ტალღა, იმ ფონზე, რომ სოციალური პრობლემები ვერ გადაწყდება და მთავრობას აღარ ექნება ლეგიტიმურობა, ამან შეიძლება ძალიან შეგვაფერხოს. მე მიჭირს დანახვა, ივანიშვილის დატოვებული მთავრობა როგორ მოახერხებს ამ პრობლემების გადაჭრას. მე არ ვარ ეკონომიკის სპეციალისტი, მაგრამ რაც მესმის ეკონომიკურ ზრდაზე და რამდენად სრულდება ივანიშვილის დაპირებები, ვერ ვიტყვი, რომ გადასარევად არის საქმე. აქედან გამომდინარე, უმცირესობების მიმართ დამოკიდებულების თემა შეიძლება საშიში ხსნარი გახდეს”.
ზაალ ანდრონიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის გარეშე დარჩენილმა მთავრობამ თავისი ვალდებულებების ვერ შესრულების გადაფარვა სცადოს “ეთნიკურ, რელიგიურ და სხვა უმცირესობებზე ყურადღების გადატანით. ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი რამ, რაზე ლაპარაკიც კი არ მინდა. ეს, ჩემი აზრით, რეალური და ყველაზე დიდი საფრთხეა”.
ამ მხრივ ცდუნებას ვერ გაუძლო მიხეილ სააკაშვილმაც, რომელიც მსოფლიოში ევროპული ღირებულების მატარებელ ადამიანად მიაჩნიათ. თავისი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში, ზაალ ანდრონიკაშვილის აზრით, “ის იაფფასიანი პოპულიზმის ტალღას აეტორღიალა” და ახალქალაქში მცხოვრები ვაჰაგან ჩახალიანი შეურაცხყო ეთნიკური ნიშნით. მწერალმა ლაშა ბუღაძემ ამის გამო მიხეილ სააკაშვილს უწოდა “გამხლეჩი პრეზიდენტი”.
დღევანდელი მთავრობის წევრების, დეპუტატების მხრიდან ქსენოფობიური რიტორიკა ისმის არჩევნებიდან მოყოლებული. მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრებისგან განსხვავებით, ისინი საკუთარ რელიგიურ მიკუთვნებულობასაც მკვეთრად აფიქსირებენ. მაგალითად, იუსტიციის მინ-ისტრმა თეა წულუკიანმა მისი წინამორბედი მინისტრის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული საჩუქრების ადგილზე, ტელევიზიის თანდასწრებით, ხატები განათავსა.
სამოქალაქო საზოგადოების აზრით, ზოგიერთი მინისტრი თუ დეპუტატი თავს არ მიიჩნევს საქართველოს არაქართველი და არამართლმადიდებელი მოქალაქეების ინტერესების გამომხატველად, რაც ძალიან საშიშია. ამის თქმის საფუძველს მათ ჭელაში, წინწყაროში, ნიგვზიანში, განვითარებული მოვლენები აძლევთ. საქართველოს ამ სოფლებში მომხდარი ინცინდენტების დროს გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, დაიცვას რელიგიური უმცირესობის უფლებები. ზაალ ანდრონიკაშვილის აზრით, ეს არის უკიდურესად სახიფათო, რადგან შეიძლება მივიღოთ რელიგიური კონფლიქტები, რასაც საქართველოში არასდროს ჰქონია ადგილი.
“ჩრდილში გადასული” ბიძინა ივანიშვილი
არ არსებობს ბერკეტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ქვეყნის მართვაში ჩარევას შეუზღუდავს. გახდება თუ არა ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი ჩრდილოვანი მმართველი, ეს მხოლოდ მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
ივანიშვილი ამბობს, რომ ის არ ჩაერევა ხელისუფლების საქმიანობაში. ამბობს, რომ ხელისუფლების გაკონტროლებას სამოქალაქო სექტორიდან აპირებს. კახა გოგოლაშვილი, ისევე, როგორც ამ სფეროში მეტ-ნაკლებად ჩახედული სხვა ადამიანები, მიიჩნევს, რომ ივანიშვილის წასვლა მის გუნდში გარკვეულ ქაოსს გამოიწვევს.
ელენე ხოშტარიას აზრით, ივანიშვილის წასვლის შემდეგ პრეზიდენტი და პრემიერი იქნება სუსტი; “კოალიციაში დაიწყება ბინძური ბრძოლა ძალაუფლებისთვის; ძალაუფლების ცენტრი კი მის ხელში აღმოჩნდება, ვინც პროკურატურას და შს სამინისტროს მხარდაჭერას მოიპოვებს.”
ელენე ხოშტარია ამ ფონზე ნინო ბურჯანაძის გაძლიერებასაც ვარაუდობს, რაც, მისი აზრით, ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა. კახა გოგოლაშვილის აზრით კი, ივანიშვილის წასვლის შემდეგ ხელისუფლების გარედან მართვის საშიშროება არსებობს:
“არ აქვს მნიშვნელობა იმას, ივანიშვილი კარგი ადამიანია თუ არა, მას კარგი მიზნები ამოძრავებს თუ ცუდი, მთავარია ის, რომ გარედან მართული სახელმწიფო სტრუქტურები არ არის ნორმალური მოვლენა დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს არის ჩრდილოვანი მმართველობა, რომელმაც შეიძლება დადებითი როლი ითამაშოს, მაგრამ ეს არ იქნება წარმომადგენლობითი დემოკრატია – ისინი, ვინც მართავენ, უნდა იყვნენ არჩეულები ადამიანების მიერ. თუ ის მართავს, ვინც არ არის არჩეული ან დანიშნული ხალხის მიერ, დემოკრატია აღარ არის. შეიძლება რაღაც პერიოდში შედეგი იყოს კარგი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შედეგი არ შეიძლება კარგი იყოს, რადგან საზოგადოება არ იცხოვრებს დემოკრატიული წესებით”.
ივანიშვილის წასვლით ქაოტური პროცესების დაწყებას არც იაგო კაჭკაჭიშვილი გამორიცხავს. მისი აზრით, შეიძლება გაიზარდოს შიდა კოალიციური დაპირისპირება და ამან კოალიციის დაშლამდეც მიგვიყვანოს:
“თუ ამ კოალიციაში არიან პოლიტიკურად ზრდასრული სუბიექტები, მათ ამ გამოწვევას უნდა გაუძლონ, თუ არა და მოხდეს ის, რაც მოსახდენია”.