ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“უარყავი სერჟი” – ვინ ცდილობს სარგსიანის სომხეთის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას

13 აპრილი, 2018 •
“უარყავი სერჟი” – ვინ ცდილობს სარგსიანის სომხეთის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას

[red_box]როგორ ცდილობს სომხეთის ოპოზიცია სერჟ სარგსიანის შეჩერებას[/red_box]

უკანასკნელ დღეებში სომხეთში განვითარებული მოვლენები გვერდიდან შეიძლება საკმაოდ უცნაურად ჩანდეს. ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლები “ტყავიდან ძვრებიან” და ცდილობენ არგუმენტები ჩამოაყალიბონ, რატომ უნდა დარჩეს სერჟ სარგსიანი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში.

სარგსიანის თანაპარტიელთა ამოცანა იმის გამოც რთულდება, რომ თავად სარგსიანი პირდაპირ და ღიად არ საუბრობს საკუთარი გეგმების შესახებ. მეტიც, 2014 წლის 10 აპრილს აბსოლუტურად ცალსახა პირობა დადო, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეტენზია არ ექნებოდა.  

რესპუბლიკურ პარტიაში მყოფი სარგსიანის თანამებრძოლები შექმნილ რთულ ამოცანას სხვადასხვანაირი წარმატებით ართმევენ თავს: ვიღაც საუბრობს იმის შესახებ, რომ თუ სარგსიანს არ სურს პრემიერობა, მაინც მოუწევს, პარტიის ნებას დანებდეს, ვიღაც ჩერჩილსა და დე გოლს იხსენებს.

თუმცა ამ ასპარეზობაში პირველობის რტო ყოფილ გენერალურ პროკურორს, დღეს კი დეპუტატს გევორგ კოსტანიანს ეკუთვნის, რომელმაც განაცხადა, რომ სერჟ სარგსიანი  პრემიერის პოსტზე პრეტენზიას არ აცხადებს, რამდენადაც “პრეტენდენტობა” ნიშნავს აქტიურ მოქმედებებს ამ მიმართულებით, რასაც სარგსიანი არ აკეთებს. თუმცა, ამასთან, “ის აუცილებლად გახდება პრემიერი, რადგანაც “ომში მეთაურებს არ ცვლიან”.

ამავე დროს, გარკვეული აქტიურობა იგრძნობა ქვეყნის ოპოზიციის რიგებში, სადაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ სიჩუმე იყო.

პარტიამ “სამოქალაქო შეთანხმება”, რომელიც ოპოზიციური ბლოკის, “ელკის” ნაწილია, სერჟ სარგსიანის ხელისუფლების გახანგრძლივების წინააღმდეგ კამპანია “ჩემი ნაბიჯი” დაიწყო. ჯერ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იმით შემოიფარგლება, რომ პარტიის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი და მისი თანაგუნდელები ონლაინ რეჟიმში ტრანსლირებენ, თუ სად გადაადგილდებიან ფეხით, თუმცა, პაშინიანის გეგმით, კამპანია სერჟ სარგსიანის პრემიერად დანიშვნის წინააღმდეგ ერევანში დიდი მიტინგითა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებით უნდა დასრულდეს.

ამავე დროს, პაშინიანის მოკავშირეები საპარლამენტო ბლოკში “განათლებული სომხეთი” პაშინიანს აკრიტიკებენ უკიდურესი რადიკალიზმის გამო.

არასაპარლამენტო ოპოზიციონერები ასევე არ ჩქარობენ პაშინიანთან გაერთიანებას, თუმცა, საწინააღმდეგო მიზეზების გამო: ბევრი ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ პაშინიანის პარტია “სისტემურია” და არა რეალური ოპოზიცია. ბევრი ვერ ივიწყებს და ვერ პატიობს პაშინიანს მის პოზიციას 2015 წლის საკონსტიტუციო რეფერენდუმის დროს, როდესაც პაშინიანმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო რეფორმების წინააღმდეგ ბრძოლა არის “ხელოვნური დღის წესრიგი” და ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ბოიკოტს არ შეუერთდა.

გარდა პაშინიანის პარტიის კამპანიისა, სახელწოდებით – “გადადგი საკუთარი ნაბიჯი”, სომხეთში სხვა ინიციატივებიც გაჩნდა. მაგალითად, ახალგაზრდული ინიციატივა “უარყავი სერჟი” [სომხურად ეს სახელი უკეთესად ჟღერს “მერჟირ სერჟინ”]. ეს მოძრაობა ძირითადად ახალგაზრდა აქტივისტებითა და არასამთავრობო ორგანიზაციებით დაკომპლექტდა. მათი აქციებიც კრეატიულობით გამოირჩევა, მაგალითად, სერჟ სარგსიანის პენსიისთვის ფულის საყოველთაო შეგროვება, რაც ჯერ ვერ გახდა მასობრივი აქცია და პოლიტიკური ტროლინგის ჩარჩოებს ვერ გასცდა.

კიდევ ერთი კამპანია დაიწყო “ფრონტმა სომხეთის სახელმწიფოსთვის”, რომელიც სხვადასხვა საპარლამენტო ოპოზიციურ ძალას აერთიანებს. თუმცა, როგორც ჩანს, სომხეთის ოპოზიციონერებს შორის არ არის ერთიანი სულისკევეთება იმ საკითხში, თუ როგორ უნდა გაუწიო წინააღმდეგობა სერჟ სარგსიანის გეგმებს საკუთარი ხელისუფლების გასაგრძელებლად.

სერჟ სარგსიანი – საკუთარი თავის მემკვიდრე?

სომხეთში დღეს ბევრს არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის შემდეგ პრემიერის პოსტს სწორედ სერჟ სარგსიანი დაიკავებს. თუ საკონსტიტუციო რეფორმის დასაწყისში თავად სერჟ სარგსიანი ცალსახად უარყოფდა ამ პოსტზე დანიშვნის სურვილს, ამასთან დაკავშირებით მისი და მისი კოლეგების განცხადებები ნელ-ნელა სულ უფრო ბუნდოვანი ხდებოდა და სულ უფრო ხშირად ისმოდა აზრი, რომ სერჟ სარგსიანს პრემიერის როლში ალტერნატივა არ ჰყავს.

თავად სარგსიანი ამჟამად მხოლოდ გარკვეულ მინიშნებებს აკეთებს იმაზე, რომ 4 წლის წინ გამოთქმული განცხადებები დღეს არაფერ შუაშია და მოვლენების სხვაგვარად განვითარების ვარიანტს არ გამორიცხავს.

თებერვალში პრესაში უკვე გავრცელდა შეტყობინებები იმის შესახებ, რომ აპრილის შემდეგ პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაში განთავსდება. ასე რომ, პრემიერად დანიშვნის შემდეგ სერჟ სარგსიანს სამუშო ადგილის შეცვლაც არ მოუწევს.

ამის მიუხედავად, სარგსიანი ცალსახა განცხადებებს არ აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის აპირებს ბრძოლას. როგორც ჩანს, სერჟ სარგსიანს, როგორც ტრილერის რეჟისორს, გადაწყვეტილი აქვს, აუდიტორია ბოლომდე დაძაბულ რეჟიმში ამყოფოს.

შესაძლოა, სერჟ სარგსიანის არასაჯარო განცხადებები პრემიერის პოსტზე პრეტენზიის შესახებ უკავშირდება შიშს, რომ შეიძლება ხელი შეუშალონ.

იმის მიუხედავად, რომ სომხეთში ოპოზიცია საკმაოდ სუსტი და დანაწევრებულია, ამასთან, პოლიტიკურ და ფინანსურ რესურსებზე ხელი არ მიუწვდება, ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგები კი მისთვის უბრალოდ გამანდგურებელი იყო, სერჟ სარგსიანი ყოველთვის გამოირჩეოდა სიფრთხილით. ამ შემთხვევაში სიფრთხილის მიზეზები კი ნამდვილად არსებობს.

არჩევნებში ხელისუფლების გამარჯვების მიუხედავად, აშკარაა, რომ სომხეთში ხელისუფლებით უკმაყოფილოთა რიცხვი საკმაოდ დიდია. სერჟ სარგსიანის გადაწყვეტილება საკუთარი ხელისუფლების გახანგრძლივების შესახებ კი შეიძლება “ბოლო წვეთი” აღმოჩნდეს.

ერევანში, პოლიციის განყოფილებაზე ჯგუფ “სასნა ცრერთან” დაკავშირებული შეირაღებული თავდასხმიდან ორ წელიწადზე ნაკლებია გასული. მათი მონაწილეები დღესაც ციხეში არიან და მგავსი მოვლენების სრულიად გამორიცხვა არავის შეუძლია.

ამასთან, მიუხედავად იმისა რომ სერჟ სარგსიანის მმართველობის გახანგრძლივების შესახებ დღესდღეობით რესპუბლიკურ პარტიაში კონსენსუსი არსებობს, სარგსიანს კარგად ესმის, რომ მისმა უახლოესმა მოკავშირეებმა შეიძლება ნებისმიერ დროს, უხეშად რომ ვთქვათ, “გადააგდონ” ის. მით უმეტეს, თავად სერჟ სარგსიანის კარგად ესმის, როგორ მოხდა ეს 1998 წელს, როდესაც “ხავერდოვანი გადატრიალების” ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე იყო”, რის შედეგადაც პრეზიდენტის პოსტიდან ლევნ ტერ პეტროსიანი გადააყენეს.

[blue_box]სერჟ სარგსიანი: პოლიტიკური დიალოგის საიდუმლოებები[/blue_box]

სერჟ სარგსიანის “მესამე ვადის” დაშვება ლოგიკურად უნდა გახდეს სომხური საზოგადოების მასობრივი მობილიზაციის საბაბი.

სარგსიანის ხელისუფლების გახანგრძლივება, მით უმეტეს, პოტენციურად განუსაზღვრელი ვადით, აზერბაიჯანის ან ცენტრალურ აზიის მსგავსად, ფაქტიურად ნიშნავს პოლიტიკური სისტემის აბსოლუტურად ავტორიტარულ მოდელზე გადასვლას.

რა თქმა უნდა, არცთუ ისე იშვითია სიტუაციები, როდესაც უმრავლესობა ავტორიტარული ტიპის პოლიტიკოსებს უჭერს მხარს, თუმცა სომხეთის სიტუაცია ამ სურათში არ ეწერება. ასეთი რამ ძირითადად ქარიზმატული პოპულისტური ლიდერების შემთხვევაში ხდება ხოლმე. იმ ლიდერების, რომელთაც შეუძლიათ რეალური ან წარმოსახვითი მიღწევებით იამაყონ. ასეთი მაგალითებიც საკმაოდ ბევრია, პუტინითა და ლუკაშენკოთი დაწყებული და ერდოღანით დამთავრებული. ამასთან, როგორც უნგრეთისა და პოლონეთის მაგალითები აჩვენებს, პოპულისტური ავტორიტარიზმისგან დაზღვეული არც ევროკავშირის ქვეყნები არიან.

მსგავსი ლიდერებისგან განსხვავებით, სერჟ სარგსიანი ვერც ქარიზმატული პოლიტიკოსის პოპულისტის ნიჭით, ვერც ეკონომიკის განვითარებით, ვერც სოციალური პოლიტიკითა და ვერც საგარეო პოლიტიკური წარმატებებით დაიკვეხნის.

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ფანტასტიკის ჟანრიდან იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სარგსიანი საკუთარი ხელისუფლების ვადის გახანგრძლივებას მოინდომებდა და ამას წინ სერიოზული წინააღმდეგობა არ დახვდებოდა. ამის მიუხედავად, ყველაფერი აქეთკენ მიდის და, როგორც ჩანს, სომხეთში პრაქტიკულად არავის შეუძლია მისთვის ხელის შეშლა.

რა არის სარგსიანის ჭეშმარიტად ფენომენალური წარმატების საიდუმლო? აქ შეიძლება ორი ფაქტორი გამოვყოთ  – გარეპოლიტიკური და შიდაპოლიტიკური. პირველთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია. ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლის შემდეგ სომხეთში ორიენტირება იმ პოლიტიკურ სტანდარტებზეა, რომლებიც ამ კონტექსტში არსებობს, და ამ მხრივ, მოულოდნელი არ არის ლიდერის ხელისუფლებაში დაუსრულებლად ყოფნის სურვილი.

მეტიც, ამ  საზომით სარგსიანის მიღწევები საკამოდ მოკრძალებულიცაა: ის ხელისუფლებაში მხოლოდ 10 წელია, იმ დროს, როდესაც ლუკაშენკო ქვეყნის სათავეში ჯერ კიდევ 1994 წელს მოვიდა, ნაზარბაევი ყაზახეთს საბჭოთა დროიდან – 1989 წლიდან მართავს. მართალია, სომხეთი უარს არ ამბობს “კომპლემენტარულ პოლიტიკაზე” და ევროკავშირთან ურთიერთობებზე, თუმცა ამ მხრივაც არაფერი ემუქრება სერჟ სარგსიანს. როგორც ჩანს, ევროკავშირიც მზადაა, მას რამდენიმე ავტორიტარული ახირება აპატიოს, თუკი გარედან ეს ყველაფერი შესაბამისად იქნება შეფუთული.

სწორედ იმისთვის, რომ ევროპელი პარტნიორები არ დაეძაბა, საკონსტიტუციო ცვლილებები სომხეთში იმგვარად იყო გატარებული, რომ თავისი არსით “შუააზიური” პოლიტიკური სისტემის მოდელი საპარლამენტო რესპუბლიკით “ევროპულად” შეეფუთა.

რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, აქ სარგსიანს ხელს უწყობს მისი დაქსაქსულობა და დანაწევრება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტორები ასე უბრალოდ არ გაჩენილა: ეს ხელისუფლების მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგია, რომელიც ოპოზიციური პოლუსის განადგურებისკენ იყო მიმართული. ამასთან, ეს ყველაფერი მიღწეული იყო წერტილოვანი რეპრესიებისა და ძალადობის საკმაოდ მოზომილი კომბინაციით, ასევე- ეფექტური ტექნოლოგიებით. ამ ტექნოლოგიებს შორის იყო ფსევდოოპოზიციური პარტიების, პოლიტიკოსების, მედიის შექმნა, რეალური ოპოზიციური ფორმატების დაცალკევება, მოლაპარაკებები და გარიგებები სხვადასხვა ოპოზიციონერებთან, რამაც საბოლოო ჯამში, მათ მხარდამჭერთა თვალში მათივე დისკრედიტაცია გამოიწვია.

ბოლოს, ყველაზე ძლიერი დარტყმა ოპოზიციაზე დაფინანსების შესაძლებლობების შეზღუდვა გახდა.  ბიზნესის თითოეული, მეტნაკლებად მსხვილ წარმომადგენელს კარგად ახსოვს ბიზნესმენ ხაჩატურ სუკიასიანის ქეისი. ის მხარს უჭერდა ოპოზიციას და ამის შედეგად აქტივების ნაწილი დაკარგა.

ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ თუ სერჟ სარგსიანი უარს არ იტყვის პრემიერის პოსტზე, მას ხელს ვერავინ შეუშლის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მარტივად ჩაივლის. თუ ოპოზიცია საპროტესტო ტალღის აგორებას შეძლებს, საეჭვოა, რომ ეს სერჟ სარგსიანის “მესამე ვადას” შეაჩერებს, თუმცა ძლიერად დაარტყამს მის, ისედაც უკვე სუსტ ლეგიტიმაციას. დღეს სერჟ სარგსიანი და მისი მხარდამჭერები 2017 წლის არჩევნების შედეგებით სპეკულირებენ, თუმცა, შეიძლება თუ არა ისინი სარგსიანის მხარდაჭერად ინტერპრეტირდეს – საეჭვოა.

თუკი საერთოდ დავივიწყებთ არჩევნების ისეთ ასპექტებს, როგორიცაა მასობრივი მოსყიდვა და ამომრჩევლებზე ზეწოლა, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო კამპანიაში პრაქტიკულად არ ჩანდა თავად სერჟ სარგსიანი.

რესპუბლიკური პარტიის მთელი საარჩევნო კამპანია ორიენტიერებული იყო დღევანდელი პრემიერის, კარენ კარაპეტიანის პერსონაზე. სწორედ ის იყო კამპანიის სახე, ის ხვდებდოა ამომრჩეველს, სარეკლამო ვიდეორგოლშიც ის იყო პარტიის სახე. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თავად რესპუბლიკელებსაც კარგად ესმით ამჟამინდელი პრეზიდენტის პოპულარობის რეალური დონე.

რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერსპექტივაში ეს არ შეუშლის ხელს სერჟ სარგსიანს პრემიერ -მინისტრის პოსტის დაკავებაში, თუმცა, თუ ოპოზიცია შეძლებს სერიოზულ ბრძოლას და მის ბოლომდე მიყვანას, სერჟ სარგსიანის მმართველობა პრემიერ-მინისტრის რანგში ისეთი მშვიდი და ხანგრძლივი შეიძლება არ აღმოჩნდეს, როგორც ის ისურვებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი