ახალი ამბები

არგენტინელი პოლიციელები ნახევარი ტონა მარიხუანის გაუჩინარებას თაგვებს აბრალებენ

13 აპრილი, 2018 • 2308
არგენტინელი პოლიციელები ნახევარი ტონა მარიხუანის გაუჩინარებას თაგვებს აბრალებენ

პოლიციის საცავიდან 540 კგ მარიხუანის გაუჩინარების გამო რვა არგენტინელი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. პოლიციელები ამბობენ, რომ მარიხუანა თაგვებმა შეჭამეს, რისიც არ სჯერათ სასამართლოზე დაკითხულ ექსპერტებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.

შემთხვევა არგენტინის დედაქალაქთან ახლოს, ქალაქ პილარში მოხდა. სასამართლოში დაკითხვისას პოლიციელები ჯიუტად ირწმუნებოდნენ, რომ მათ ბრალი არ მიუძღვით მარიხუანის გაუჩინარებაში. საცავში, სადაც სამართალდამცავთა მიერ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ინახება, 6 ტონა მარიხუანა იყო განთავსებული. დანაკლისი ინსპექტირებისას აღმოაჩინეს.

ბუენოს აირესის უნივერსიტეტის ექსპერტებმა სასამართლოში თქვეს, რომ თაგვები მარიხუანას არ ჭამენ და ძნელად წარმოსადგენია, ეს მათ გაეკეთებინოთ. თეორიულადაც რომ დავუშვათ ეს, ამ ოდენობის მარიხუანის შეჭმას უზომოდ ბევრი მღრღნელი დასჭირდებოდა და ასეთ სიტუაციაში პოლიციის საცავი სავსე იქნებოდა მკვდარი მღრღნელებით.

მოსამართლემ განაჩენი 2018 წლის მაისში უნდა გამოაცხადოს და გადაწყვიტოს, სამსახურიდან გათავისუფლების გარდა, კიდევ რა სასჯელი დაეკისრებათ პოლიციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი