ახალი ამბები

პროკურატურა: იგორ გიორგაძე კვლავ იძებნება და მისი საქმე გამოძიებაშია

29 ოქტომბერი, 2013 • • 2057
პროკურატურა: იგორ გიორგაძე კვლავ იძებნება და მისი საქმე გამოძიებაშია

იგორ გიორგაძემ LifeNews.ru–სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა ადვოკატმა უკვე შეიტანა პროკუატურაში თხოვნა მისთვის ძებნილის სტატუსის მოხსნის შესახებ:

 

“ჩემმა ადვოკატმა უკვე წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები ბრალდების გადახედვასთან დაკავშირებით, ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული და არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, მე შევარდნაძის რეჟიმმა გამომაცხადა ძებნილად და ეს ავტომატურად გააგრძელა სააკაშვილმა. იმედი მაქვს, ეს საკითხი სამართლიანად გადაწყდება და საქართველოში დავბრუნდები”, – განაცხადა იგორ გიორგაძემ.

 

იგორ გიორგაძე
იგორ გიორგაძე

როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, გიორგაძესთან დაკავშირებით არაფერი არ შეცვლილა და ის კვლავ ძებნილია:

 

“გიორგაძე კვლავ ძებნილია “ინტერპოლით” და მის მიმართ საქმე არის გამოძიებაში”, – განაცხადა პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ.

იგორ გიორგაძემ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადება 2012 წლის 3 დეკემბერსაც გააკეთა.

 

“არც ერთ სასამართლოს, არც ერთ საგამოძიებო ორგანოს არ წაუყენებია ჩემთვის ბრალი. მე ვერ ვხედავ ვერანაირ ხელისშემშლელ პირობას, რათა დავბრუნდე საქართველოში,”– განაცხადა იგორ გიორაძემ “პრაიმ ტაიმის” პრესკლუბში გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი