
საგარეო საქმეთა მინისტრმა ამბასადორიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მაია ფანჯიკიძემ ისაუბრა ისრაელი-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე და აღნიშნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში შემდგომი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა. მან აგრეთვე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისში ისრაელის რეგიონალური ამბასადორიალის ჩატარება ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამოხატულებაა.
„ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად მრავალი ნაბიჯი გადაიდგა, აღნიშვნის ღირსია სპეციალური კომისია, რომელიც 2014 წელს აღნიშნავს ებრაელი და ქართველი ხალხის მეგობრობის 26 საუკუნოვან იუბილეს, არა მხოლოდ ისრაელსა და საქართველოში, არამედ კიდევ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში,“- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რეგიონალურ ამბასადორიალში მონაწილეობისათვის და აღნიშნა, რომ შეხვედრის ადგილად თბილისის არჩევა შემთხვევითი არ იყო, და რომ საქართველო რეგიონის მთავარი მოთამაშეა. მან ასევე მინისტრს და ქართველ ხალხს საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მიულოცა.
—
