ახალი ამბებისამართალი

ელიზბარაშვილი: შევარდნაძემაც დამიჭირა, სააკაშვილმაც დამიჭირა და ამათაც დამიჭირონ

12 აპრილი, 2018 • 7824
ელიზბარაშვილი: შევარდნაძემაც დამიჭირა, სააკაშვილმაც დამიჭირა და ამათაც დამიჭირონ

მე არ მეშინია! შევარდნაძემაც დამიჭირა თავის დროზე, სააკაშვილმაც დამიჭირა და ამათაც დამიჭირონ! მე არც შევარდნაძის ციხის მეშინოდა, არც სააკაშვილის და ამათი – მით უმეტეს, – ამის შესახებ ნეტგაზეთს ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა, თამაზ ელიზბარაშვილმა განუცხადა, რომლის წინააღდეგაც შსს-მ ძალადობის მუხლით დაიწყო გამოძიება.

თამაზ ელიზბარაშვილი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გუშინ დაიბარეს, თუმცა, როგორც ბიზნესმენი ამბობს, თავს შეუძლოდ გრძნობდა და ამის გამო გამომძიებლებმა საკუთარ სახლში დაკითხეს:

“ძალიან ზრდილობიანად დამკითხა სამმა ახალგაზრდამ. რაც იყო, მოვუყევი ყველაფერი. ერთი კითხვა კი დავუსვი: ბანკი რომ დააყაჩაღონ, შემთხვევის ადგილზე მთვრალი და იარაღის გარეშე მიხვალთ-მეთქი? მოკვდნენ ამაზე სიცილით.”

თამაზ ელიზბარაშვილი და ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორი, ვახტანგ ლომჯარია. ფოტო: ელიზბარაშვილის თავშესაფარი/FB

თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ გამოძიების დასრულებამდე ქვეყანას არ დატოვებს, რადგან თვითონაც აინტერესებს, რას გამოიძიებენ. ბიზნესმინის თქმით, პოლიციის თანამშრომლებთან პრეტენზია არ აქვს, თუმცა აინტერესებს, რის საფუძველზე აღიძრა საქმე:

“როგორც ვიცი, გამოძიება იწყება მაშინ, თუ იჩივლებს ვინმე. ნიკა მელიას ბორჯომის გამგებელი მიეპარა და თავში ჩათხლიშა. რა ვიცი, გამოძიება კი არა, მე მგონი, მადლობა უთხრეს ბორჯომის გამგებელს ამისთვის. მე არ მეშინია! შევარდნაძემაც დამიჭირა თავის დროზე, სააკაშვილმაც დამიჭირა და ამათაც დამიჭირონ! მე არც შევარდნაძის ციხის მეშინოდა, არც სააკაშვილის და ამათი – მით უმეტეს,” – ამბობს ელიზბარაშვილი.

თამაზ ელიზბარაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს ნეტგაზეთთან საუბრისას, რომ ის ადამიანი, ვისაც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, არის მისი მეგობარი.

“ბ. არის ჩემი გაზრდილი და გვერდიდან არ მომიშორებია. ჩემი ფინანსებით ვმკურნალობ იმისათვის, რომ გადაეგდო ალკოჰოლი, მაგრამ რა ვქნა. მხოლოდ ერთს ვთხოვ, როგორც მეგობარს – როდესაც მორიგე ხარ, ნუ დალევ იმ დღეს. კარგად ჩანს იმ კადრებში, რომ ბადრის შესასრულებელ საქმეს მე ვაკეთებდი იმიტომ, რომ ფეხზე ძლივს იდგა. როცა მოვთხოვე, მაკრატელით მაინც გამიჭერი-მეთქი ჯაჭვი, არ მაქვს წამოღებულიო. რომ ვკითხე, რატომ მოიქეცი ასე-მეთქი, მითხრა – როცა ხოში მექნება, მაშინ დავლევო. ამ ღალატისთვის წამოვუთაქე თავში და ამის გამო ძალადობის მუხლით აღუძრავთ საქმე.

ქველმოქმედი კაცი ჩამქოლეს და მლანძღეს. მზად ვარ, ყველას საკადრისი პასუხი გავცე. ნურავის ჰგონია, რომ თამაზ ელიზბარაშვილი თავს დახრის. ყველას ყოველთვის ვცემდი საკადრის პასუხს. ღირსებას ვერავინ წამართმევს. მეგობარს თავში ხელი რომ წამოვარტყი, ამის უფლება მქონდა. მასზე დიდი ამაგი მაქვს და ვთხოვ – ნუ დალევს,” – ამბობს ბიზნესმენი.

ელიზბარაშვილის თქმით, თავშესაფრის დახურვისა და ქვეყნის დატოვების შესახებ განცხადებები ემოციურ ფონზე გააკეთა:

“ჯერ არაფერი გადამიფიქრებია. ვფიქრობ ამაზე, მაგრამ ჯერ დაველოდები გამოძიებას. ძალიან მაინტერესებს. ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტიელბას. ყველა უცნობი ადამიანისგან, ვინც დედა მაგინა, მინიმუმ ბოდიშის მოხდას მოვითხოვ. ფეისბუკში მაგრები არიან, მაგრამ ტელეფონზე ვერავინ დამირეკა და ვერავინ შემხვდა. სულში ჩამაფურთხეს და არ მაქვს სურვილი, არც ასეთ საზოგადოებასთან ვიურთიერთო და არც ასეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც სიკეთეს ებრძვის ბოროტება. მე არ დამიმსახურებია გინება. ჩემი და ჩემი მეგობრის ურთიერთბა ჩვენი გადასაწყვეტია. კრიტიკას ვღებულობ, მაგრამ გინებას – არა.”

ყველა საიხლე თამაზ ელიზბარაშვილზე

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილებაში გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს აცხადებს, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც თამაზ ელიზბარაშვილი თავის თანამშრომელ ბ.ე-ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

თამაზ ელიზბარაშვილის ცოლის მიერ გადაღებული ფეისბუკის პირდაპირი ეთერით საზოგადოებამ იხილა, თუ როგორ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას თავშესაფრის მფლობელი მის თანამშრომლებს, რომლებმაც მაკრატელი არ მიიტანეს ადგილზე ჯაჭვით დაბმული ძაღლის გასათავისუფლებლად.

კადრებში ჩანს, რომ ელიზბარაშვილი ერთ-ერთ მათგანს თავში ხელს ურტყამს. საათნახევრიანი ფეისბუკ-ლაივიდან ეს ნაწილი მოიჭრა და ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

თამაზ ელიზბარაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ძაღლების თავშესაფარს ხურავს და საქართველოდან წასვლას აპირებს. ბიზნესმენის თქმით, კეთილი საქმისთვის მადლობა არავინ გადაუხდა, დღეს კი მთელი ქვეყანა უშვერი სიტყვებით ლანძღავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი