ახალი ამბები

ელიზბარაშვილი ამბობს, რომ თავშესაფარს ხურავს და საქართველოს ტოვებს

11 აპრილი, 2018 • 8858
ელიზბარაშვილი ამბობს, რომ თავშესაფარს ხურავს და საქართველოს ტოვებს

თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ ძაღლების თავშესაფარს ხურავს და საქართველოდან წასვლას აპირებს. ბიზნესმენის თქმით, კეთილი საქმისთვის მადლობა არავინ გადაუხდა, დღეს კი მთელი ქვეყანა უშვერი სიტყვებით ლანძღავს.

რატომ ლანძღავენ ელიზბარაშვილს

თამაზ ელიზბარაშვილის ცოლის მიერ გადაღებული ფეისბუკ-ლაივით საზოგადოებამ იხილა, თუ როგორ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას თავშესაფრის მფლობელი მის თანამშრომლებს, რომლებმაც მაკრატელი არ მიიტანეს ადგილზე ჯაჭვით დაბმული ძაღლის გასათავისუფლებლად.

კადრებში ჩანს, რომ ელიზბარაშვილი ერთ-ერთ მათგანს თავში ხელს ურტყამს. საათნახევრიანი ფეისბუკ-ლაივიდან ეს ნაწილი მოიჭრა და ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

ელიზბარაშვილი მხოლოდ ამ ვიდეოს არ უკავშირებს თავშესაფრის დახურვისა და საქართველოდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. ბიზნესმენის თქმით, უშვერი სიტყვებით უამრავი ლანძღვა-გინება წაიკითხა მისი მისამართით როგორც ფეისბუკის პირად ანგარიშზე, ასევე თავშესაფრის გვერდზე, თუმცა მის მიერ გაკეთებული საქველმოქმედო კეთილი საქმეები არავინ დაინახა და არავინ დაიცვა.

ომბუდსმენი საქმეს არ იკვლევს

თამაზ ელიზბარაშვილის მხრიდან კადრებზე დაფიქსირებულ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფების გამო მოკვლევა არ დაუწყია საქართველოს სახალხო დამცველს. ომბუდსმენის აპარატში განმარტავენ, რომ თუ თავშესაფრის თანამშრომლები არ გრძნობენ თავს დაზარალებულებად და არ უჩივიან ელიზბარაშვილს, სახალხო დამცველი საქმეს ვერ შეისწავლის.

ვიდეოზე აშკარად ჩანს, რომ თამაზ ელიზბარაშვილი სიტყვიერ შეურაცხყოფას ორივე თანამშრომელს აყენებს. ერთ-ერთმა მათგანმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ “აფექტის მდგომარეობაში დამსახურებულად გალანძღა ისინი თამაზმა, რადგან მითითებული დავალება არ შეასრულეს”.

როგორც თავშესაფრის თანამშრომელი აღნიშნავს, ძალიან უსიამოვნო ფაქტი მოხდა, თუმცა ამის გამო თამაზ ელიზბარაშვილმა ორივე მათგანს ბოდიში მოუხადა:

“21-ე საუკუნეა დღეს. მონათმპყრობელობა დიდი ხანია გადავარდა. ვისაც თამაზისთან მუშაობა არ უნდა, არავინ არ იჭერს მათ. რაც შეეხება ბ.-ს და თამაზის ურთიერთობას, ბავშობიდან მასე აგინებენ და ურტყამენ ერთმანეთს; მთელი ცხოვრებაა ერთად მოდიან. თამაზი ასმევს, აჭმევს, კომუნალურებს უხდის და თავის სახლში აცხოვრებს. ბ.-ს სახლშიც არ უშვებენ მისი ხასიათების გამო და მის ოჯახსაც თამაზი ინახავს. მგონი, თავის შვილებზე მეტს მას უკეთებს. ბ. რომ რიგითი თანამშრომელი ყოფილიყო, თამაზი დიდი ხნის წინ გააგდებდა ან/და ბ. წავიდოდა დიდი ხნის წინ.”

მეორე თანამშრომელი, ვისაც თამაზ ელიზბარაშვილი ხელს ურტყამს, ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ ბავშვობიდან თამაზ ელიზბარაშვილთან ერთად გაიზარდა, ხოლო მათ შორის ასეთი რამ დასაშვებია

“ჩვენში ასეთი რაღაცები მოდის – ხუმრობაც, გინებაც და ყველაფერიც. თამაზმა წამომარტყა თუ არა და გადაიღეს თუ არა ეს, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. როგორ უნდა ვიჩივლო?! ძმაკაცია ჩემი, ერთად გავიზარდეთ. თქვენ არ გყავთ ბავშვობის მეგობარი? დამნაშავე რომ ხართ, გაბრაზებულმა ბავშვობის მეგობარმა რომ წამოგარტყათ თავზე, რა გასაკვირია ეს? როგორ ჩანს ვიდეოზე, არ ვიცი!” – ამბობს ბ.

ბ. თავადვე აღიარებს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მართავდა თავშესაფრის ავტომობილს, რამაც თამაზ ეილზბარაშვილის გაბრაზება გამოიწვია. თავშესაფრის თანამშრომლის თქმით, ის ძააღლი,მალევე გაათავისუფლეს და გადაიყვანეს თავშესაფარში.

ელიზბარაშვილის განმარტებები

თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, მას დაურეკა ერთ-ერთმა ადამიანმა და აცნობა, რომ ორი დღე აღმაშენებლის ხეივანში, თბილისი-მცხეთის დამაკავშირებელ მაგისტრალთან, პირდაპირ ტროტუარზე ჯაჭვით მიაბეს და მიატოვეს ძაღლი. როგორც ელიზბარაშვილი ამბობს, ადგილზე მალევე მივიდა, რადგან ახლოს იმყოფებოდა.

“ძაღლი უკვე საკმაოდ აგრესიული იყო, რადგან სასმელის და საჭმელის გარეშე დატოვეს 2 დღე. დავურეკე ერთ-ერთ სამაშველო ჯგუფს, ავუხსენი საქმის ვითარება, რომ ძაღლი არის ჯაჭვით დაბმული და უნდა მოსულიყვნენ მთელი აღჭურვილობით. პირდაპირ ვუთხარი – წამოიღეთ მთელი აღჭურვილობა, რადგანაც ჯაჭვი გადასაჭრელი იყო, სპეციალური რკინის საჭრელი მაკრატელი გვაქვს ამ აღჭურვილობაში. მოვიდა სამაშველო ჯგუფი, რომელშიც ორი ადამიანია – ქ.  და ბ. ეს უკანასკნელი იყო ნასვამ მდგომარეობაში და ისე მართავდა ავტომობილს.

მე უშუალოდ ამ ოპერაციაში ჩავერთე, ძაღლი დავაფიქსირე სპეციალური ხელსაწყოთი და ბ-ს ვუთხარი, მაკრატელი აიღე და გადაჭერი-მეთქი. არ მაქვს, დამრჩაო – მეუბნება. რას ჰქვია დაგრჩა-მეთქი და რა ვიცი, დამრჩაო. რისთვის მოხვედი, აბა? ეს ჯაჭვი ხომ უნდა ჩავჭრათ და როგორ ჩავჭრა-მეთქი?

წარმოიდგინეთ, სამაშველო-სამსახურის თანამშრომელი მუშაობ ნასვამი; წინასწარ იცი, რომ ძაღლი არის ჯაჭვით დაბმული და აგრესიული; თან იცი, რომ ძაღლი ალკოჰოლის სუნს ვერ იტანს და ორმაგად აგრესიული ხდება. ამიტომ დავურეკე და ჩავაყენე საქმის კურსში წინასწარ. ამით ბ-მ არა მარტო თავისი მეწყვილის სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში, არამედ სხვებისაც. მოგეხსენებათ, ძაღლის ნაკბენი როგორია და რამხელა საფრთხილეა საჭირო.

რომ ვუთხარი, ბიჭო, რატომ გააკეთე-მეთქი ეს, მიპასუხა – როგორი ხოშიც მაქვს, ისე მოვიქცევიო. ეს სიტყვა რომ მითხრა, ემოცია ვერ მოვთოკე და წამოვარტყი თავში ხელი. ამაზე გადამიარეს – მლანძღეს, მთათხეს და მაგინეს,” – განმარტავს თამაზ ელიზბარაშვილი.

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, სტიქიამ ვერ დააგდო და ვერ გატეხა მორალურად, ხოლო სოციალურ ქსელში მის მიმართ დაწერილმა სალანძღავმა კომენტარებმა და პოსტებმა გაანადგურა, რის გამოც თავშესაფრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო:

“პატრიარქის სიტყვები მახსენდება – ამ ქვეყანას არაფერი ეშველებაო. მართლა არ ეშველება, იმდენად ბობოქრობს ბოროტება, რომ თუ სადმე პატარა სიკეთე დაინახა, აუცილებლად უნდა გაანადგუროს.

ჩემს თანამშრომელს თავში ხელი წამოვარტყი… რა უნდა გამეკეთებინა?! მოვიდა ნასვამი, ჩააგდო ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში და არ წამოიღო აღჭურვილობა. კონკრეტულად ეს ადამიანი საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადმოვიყვანე ჩემი კომერციული ფირმიდან, ელიზიდან. რატომ? იმიტომ, რომ იქიდან გამოაგდეს ალკოჰოლისადმი მიდრეკილების გამო. ორჯერ წავიყვანე და ჩავუდგი ალკოჰოლის საწინაღმდეგო კაფსულა, მაგრამ მაინც ყველაფერი გაცვალა სასმელზე. თურმე ამ კაცს, რომელზეც ამხელა ამაგი მაქვს, თავში ხელი როგორ წამოვარტყი. თან, მეგობარია ჩემი, ის კი არ არის!”

ბიზნესმენსი განცხადებით, 15 წელი საკუთარი ხარჯებით ეწეოდა ქველმოქმედებას და ამ ხნის განმავლობაში ფინანსურად არავინ დახმარებია: “საკუთარ ოჯახს და შვილებს ვაკლებ ამას. 42 ათასი ლარი მეხარჯება ყოველთვიურად თავშესაფრის შესანახად: თანამშრომელთა ხელფასები, ცხოველებითვის საკვები და აღჭურვილობა, მანქანების საწვავი და ხარჯი.”

როგორც კი 2015 წლის 13 ივნისს, როცა სტიქიამ სვანიძის ქუჩაზე მდებარე ძაღლების თავშესაფარი გაანადგურა, თამაზ ელიზბარაშვილი ცხოველთა საზოგადოებრივი თავშესაფრის გაკეთების ინიციატივით გამოვიდა და სახელმწიფოს ქალაქის გარეუბანში მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემა სთხოვა:

“თუ დამიდგებით გვერდში, დამიდგებით, თუ არადა, ვეცდები, ისევ ერთმა კაცმა ავაშენო ეს თავშესაფარი-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ სტიქიამ ჩემი სახლიც დაანგრია, საწყობები დაანგრია და ჩემმა ბიზნესმა 12 მილიონის ზარალი ნახა. ძალიან გამიჭირდა მარტოს ამის გაკეთება, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე და ერთ წელში იმაზე უკეთეს თავშესაფარი ავაშენე, ვიდრე სვანიძის ქუჩაზე მქონდა. გვერდში არავინ დამიდგა, თუმცა ჩემი სიტყვა შევასრულე.

თავშესაფარში ხვდებიან მხოლოდ ავადმყოფი ძაღლები.  სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევაა, როდესაც მანქანა ეჯახება ძაღლს ან რომელიმე ცუდი ადამიანი აყენებს ტრავმას. თქვენ წარმოიდგინეთ, დახმარების მიზნით მირეკავენ უცხოელი ტურისტები, რომლებიც, ღმერთის წყალობით, საკმაო რაოდენობით ჩამოდიან დღეს საქართველოში. ვაგზავნი ჩემს სამაშველო ჯგუფებს და მთელი საქართველოს მასშტაბით ვეხმარები ასეთ ძაღლებს: ვღებულობ თავშესაფარში, ვუკეთებ ოპერაციას და შემდეგ ვზრუნავთ მათ რეაბილიტაციაზე. ამ ყველაფერს ჩემი ფულით ვაკეთებ,” – ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.

თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მისი ცოლი ფეისბუკ-ლაივებს მაშინ იყენებს, როდესაც ოფისიდან თავშესაფარში მიდის, ხოლო ამ გზას ცხოველების მოყვარულებისთვის კითხვებზე პასუხების გასაცემად და რჩევების მისაცემად იყენებს. პირდაპირ ეთერში ასევე გადიან მაშინ, როდესაც რაიმე საგანგებო სიტუაციაა და ცხოველს პოულობენ ცუდ სიტუაციაში:

“ყველა ძაღლი თავშესაფარში შემოვიდა ტრავმირებული. გადავარჩინეთ და ვუმკურნალეთ. მართალია, ზოგი დაკოჭლდა, თუმცა მათი ნაწილი გამოჯანმრთელდა და ცხოვრებას აგრძელებს ჩვენთან – ქუჩაში გაშვებას, მერჩივნა, პატრონი მომეძებნა და გამეჩუქებინა. ზოგი ორი წელია ცხოვრობს, ზოგი სტიქიიდან მოყოლებული ჩემთანაა – 8-9 წელი.

რადგანაც ეს ძაღლები თავის დროზე ქუჩიდან წამოვიყვანე, ჯერ მერიას მივმართავ, რომ მიხედონ ამ ძაღლებს, თუ არადა, ყველას ისევ იმ ქუჩაზე დავტოვებ, საიდანაც წამოვიყვანე და თავში ქვა უხლიათ ამ ბოროტ ადამიანებს. ალბათ, თვითონ მიხედავენ და გააკეთებენ თავშესაფარს.

ყოველთვე ჩემს ოჯახს 42 ათას ლარს ვაკლებ და ვეწევი ქველმოქმედებას ამ თავშესაფრის შესანახად. იმ ტურისტებს, რომლებიც ჩამოდიან და ხედავენ ცხოვლეებისადმი ასეთ დამოკიდებულებას, ვცდილობ, მათ თვალში საქართველოს ეს დიდი შავი ლაქა მოვრეცხო. ყველა მე მირეკავს, როდესაც დაშავებულ ძაღლს პოულობენ. მათ წარმოდგენას ვუქმნი, რომ ჩვენთან ცივილური ხალხი ცხოვრობს და ისე ექცევიან ადამიანები კომპანიონ ცხოველებს, როგორც განვითარებულ ქვეყნებში.

მიუხედავად ამისა, მე მლანძღეთ, მთათხეთ, მაგინეთ ამისთვის. კი ბატონო, დიდი მადლობა ყველაფერისთვის. მე ხომ ერთი მადლობაც არ მითხოვია თქვენგან იმისათვის, რასაც ვაკეთებდი აქამდე – 15 წელი უანგაროდ ვემსახურე ქვეყანას. აწი, რაც გინდათ, ის გიკეთებიათ – მაგინეთ, მაფურთხეთ… ახლა რომ მივხურავ თავშესაფარს, კიდევ გააგრძელეთ ჩემი გინება.”

თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი ამჟამად 352 ძაღლს, 52 ლეკვსა და 2 მურა დათვს პატრონობს. გარდა ამისა, ბიზნესმენს ცხვარიჭამიის ტყეში 2 ჰექტარზე გაშენებული აქვს დათვების თავშესაფარი, სადაც 9 დათვი ჰყავს. მისი თქმით, დათვების თავშესაფარს ვერ დახურავს.

“ამ დათვების გაშვება ტყეში არ შეიძლება, რადგან პირდაპირ მიადგებიან ადამიანს, როდესაც მოშივდებათ. ადამიანის ხელიდან არიან საჭმლის ჭამას მიჩვეული და ველურ პირობებში საკვების მოპოვების ინსტიქტი არ გააჩნიათ. მათ ბრაკონიერებმა მოუკლეს დედები და პატარა ბელები სოსკით გვყავს გამოზრდილი.

სახელმწიფოს ვეუბნებოდი, რომ სიმბოლურ ფასში მოეცათ მიწა, მაგრამ არ მომცეს. ამიტომ ვიყიდე ჩემით და ელექტროღობე გავაკეთე. იქაც ძალიან დიდი ფული დავხარჯე. ამ დათვებსაც მე ვაჩუქე სიცოცხლე, ამ საცოდავებს, მაგრამ არა… თქვენ რაში გჭირდებათ ჩემნაირი კაცი?! საქართველოს არ სჭირდება ჩემნაირი კაცი!” – აცხადებს ელიზბარაშვილი.

თამაზ ელიზბარაშვილი და ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელი, ვახტანგ ლომჯარია. ფოტო: ელიზბარაშვილის თავშესაფარი/FB

ბიზნესმენის თქმით, ძაღლების თავშესაფრის დახურვის შემდეგ 24 ადამიანი დარჩება უმუშევარი:

“ალბათ, დაასაქმებთ თქვენ. წაიყვანეთ და ამუშავეთ. საერთოდ, წასვლას ვაპირებ საქართველოდან. აქ აღარ გავჩერდები. ისეთი შეურაცხყოფა მომაყენეთ ყველამ, თითოეულმა თქვენგანმა… კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მე ხომ მადლობას არ ვითხოვდი?!

ჩემი შვილები მეკითხებიან – რასაც შენ აკეთებდი, მადლობა ხომ არავის უთქვამს და რატომ გაგინებენო. რა პასუხი გავცე, მითხარით? პასუხი არ მაქვს. მართლა ვაპირებ საქართველოდან წასვლას!

რა მინდა ქვეყანაში, სადაც სიკეთე არ ფასდება და ბოროტება მძვინვარებს?! კაცი არ გამოსულა, რომ ამ ბოროტების საწინააღმდეგოდ რამე ეთქვა – თუნდაც ის ადამიანები, ვისაც დავხმარებივარ. ამ 15 წლის განმავლობაში ცხოველებსაც ვეხმარებოდი და არაერთი ბავშვის ოპერაცია დავაფინანსე. ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომ ეთქვა, რატომ ლანძღავთ ამ კაცსო. რა მინდა ამ ქვეყანაში, გეკითხებით?!”

[red_box]იხილეთ ვიდეო[/red_box]

მასალების გადაბეჭდვის წესი