“ისედაც ძალიან შემცირებული ბიუჯეტით გადიოდა ეს გადაცემა. გარდა ამისა, 69 ახალი თანამშრომელი მიიღო მაუწყებელმა სექტემბრის თვეში. შესაბამისად, ბიუჯეტის მიზეზით დახურვა გაუგებარია. როგორც მახსოვს, დაახლოებით ერთი თვე ან თვენახევარია, გადაცემის ბიუჯეტი სამჯერ მაინც შემცირდა. ჩვენთვის მოულოდნელი იყო გადაცემის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ემზარ გოგუაძე.
გოგუაძის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ იყო, რომ მენეჯმენტს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევდა, მაგრამ როგორც ის ამბობს, მისთვის გაუგებარია, რატომ დაიხურა ისედაც მცირებიუჯეტიანი რეიტინგული გადაცემა.
“ერთ–ერთი ინტელექტუალური გადაცემაა, არ ვიცი, ძალიან სამწუხაროა. ჩვენ შეიძლება ძალიან სავალალო მდგომარეობა და ბოლო ორი თვის მანძილზე საზოგადოებრივი მაუწყებელი სრულიად უსახური მივიღოთ. მე არ ვიცი, “წითელ ზონაზე” უკეთესი გადაცემა შეიძლება არსებობდეს კიდეც ბუნებაში, შეიძლება ჩვენ ტელევიზიაშიც ყოფილა, მაგრამ ეს არ არის ისეთი გადაცემა, რომელიც რეიტინგით და თავისი ღირებულებით ბოლო ადგილზე იდგეს, ეს ძალიან სერიოზული გადაცემაა. რაღაც ოპტიმალური პოზიცია უნდა დაიჭიროს მენეჯმენტმა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში რეიტინგული და ინტელექტუალური გადაცემები, რომლებიც რაღაც სეგმენტზეა გათვლილი, შეინარჩუნოს.”
ემზარ გოგუაძის თქმით, 2014 წლის იანვრიდან, როდესაც მაუწყებელს ახალი ბიუჯეტი ექნება, თანხების სიმცირის პრობლემა აღარ უნდა იყოს, შესაბამისად, “წითელი ზონას” პრობლემა აღარ უნდა შეექმნას.
“1 იანვრიდან ჩვენ პრაქტიკულად არავითარი პრობლემები აღარ გვექნება. ამიტომ ამ გადაცემის დაფინანსებას არ უნდა შეექმნას პრობლემა, თუ რაღაც სუბიექტური მიზეზები არ არსებობს.”
“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გიორგი გვახარიას საავტორო გადაცემა “წითელი ზონა”, როგორც “ნეტგაზეთისთვის” გახდა ცნობილი, ფინანსური პრობლემების გამო დახურა.